ჯამდელიანის მკვლელობის საქმეში ფიგურანტი მონაზონი კილაძემ იპოვა – რა ხდება ეპარქიაში?
ჟურნალისტმა ელისო კილაძემ მონაზონ თეკა კუბლაშვილს ყაზბეგში, ერთ-ერთ
საოჯახო სასტუმროში მიაკვლია.
კილაძის განმარტებით, მონაზონი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს,
მეუფე გიორგი ჯამდელიანს ჰყავს გადამალული და აძლევს დირექტივებს თუ
რა უნდა ილაპარაკოს.
მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 8 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას, განაცხადა,
რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის
მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მიერ. მეუფის განმარტებით,
შინჯიკაშვილი მუშაობდა დედაო თეკლა კუბლაშვილთან ერთად, რომელსაც
ყოფილი მაღალჩნოსანი მეუფე გიორგის მოწამვლას ავალებდა. მეუფე გიორგიმ
შინჯიკაშვილი საეპისკოპოსო სასამართლოთი, რომლის მოსამართლეც თავად
იყო, დამნაშავედ ცნო. სასამართლოს მთავარი მოწმე სწორედ მონაზონი
თეკლა კუბლაშვილი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ შინჯიკაშვილი მას
მეუფის მოწამვლას ავალებდა.
ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა ვიდეო ჩანაწერები, სადაც ის
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს დედაო თელა კუბლაშვილის მობილურით
ესაუბრება.
„აკი არ ვიცი სად არი დედაოო. აქ გყავთ გადამალული?
მოვედი იმიტომ, რომ გავერკვიო დეტალებში. თქვენ თქვით, რომ გაგდებული
გყავთ. თქვენ ამბობდით, რომ ეს ქალბატონი არის წასული, ურთიერთობა არ
გაქვთ, არ იცით სად არის და აღმოჩნდა რომ კავშირზე
ხართ“. - ეუბნება ელისო კილაძე მეუფე ჯამდელიანს
გიორგი ჯამდელიანი კილაძეს ცილისმწამებელს და მატყუარას უწოდებს და
ემუქრება, რომ „მოხევეები მიხედავენ“.
„არ გათიშო, არ გათიშო მეთქი თორემ ეხლავე იქიდან ძაან
ცუდად გამოგიშვებენ. მოხევეები მოგხედავენ შენ“ - უთხრა
მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ელისო კილაძეს მას შემდეგ, რაც კილაძემ
დედაო თეკლასთან მარტო გასაუბრება და მობილურის გათიშვა
გადაწყვიტა.
მოგვიანებით მეუფე გიორგი ჯამდელიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც
აცხადებს, რომ დედაო თეკლამ მას დახმარების თხოვნით დაურეკა.
ჯამდელიანის განმარტებით, ელისო კილაძესთან ერთად დედაოსთან გიორგი
შინჯიკაშვილის დაცვის წევრები იყვნენ მისული.
„არავის არ გაყვე. ვინ არიან მანდა,
მოსული?“ - მეუფე გიორგი
„ჯაბა, ჯაბა და კახა“ - დედაო თეკლა
„ჯაბა ვინ არი, რომელი ჯაბა?“ - მეუფე
გიორგი
„იოსელიანი მეუფე. შინჯიკას დაცვა არის მოსული
მეუფე“. - მონაზონი თეკლა
„და კახა? და შენთან შემოვიდნენ სახლში?“ -
მეუფე გიორგი
„ხო“ - დედაო თეკლა
„მარტო ხარ?“ - მეუფე გიორგი
„საპირფარეშოში შემოვედი“ - დედაო
თეკლა
„დედაო, ბიჭები გამოგზავნილი მყავს, ნუ გეშინია. დედაო,
მომისმინე ერთი წუთი, ანუ შინჯიკას დაცვა არის მოსული მანდ. კახა, ის
რობოკოპების უფროსი და ჯაბა იოსელიანი?“ - მეუფე
გიორგი
„ნუ გეშინიაო, ჩვენ დაგიცავთო. არაფერი არ
მოგივაო“ - დედაო თეკლა
„ეგენი არაფრის შენი დამცველები არ არიან. მაგათ არ გაყვე
იცოდე. თორე მოგიპარავენ და შეიძლება მოგკლან. ნუ გეშინია, მოკლედ
მანდ მოვლენ მოხევეები“. - მეუფე გიორგი
მეუფე გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა, რომ დედაო თეკლა კუბლაშვილი
სტეფანწმინდის პოლიციაში გადაიყვანეს. გიორგი ჯამდელიანი
სამართალდამცველებს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ დედაოს კონსტიტუციური
უფლების დაცვა და არ ჩამოართვან ჩვენება ადვოკატის გარეშე.
ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ დედაოსთან მხოლოდ საკუთარი
მძღოლის თანხლებით მივიდა და მას სხვა პირები თან არ ახლდნენ. კილაძემ
ჯამდელიანის მუქარის ფაქტზე პოლიციას მიმართა და მისი გამოკითხვა
დღეს, 15:00 საათზეა, დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადების
საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
18,108-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც განძრახ მკვლელობის
მომზადებას გულისხმობს. 9 ივნისს მეუფე გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა,
რომ არ აპირებს პროკურატურასთან და საგამოძიებო უწყებებთან
თანამშრომლობას.
რადიო „მარნეული“