საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა
და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ
გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს
დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის
თანამშრომლებმა ი.ი. სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე
იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მართვის ქვეშ არსებული სატვირთო
ავტომანქანით თურქეთის რესპუბლიკიდან, საპასპორტო კონტროლის გვერდის
ავლით, ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოიყვანა
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უ.გ., რომელიც ასევე ბრალდებულის სახით
არის დაკავებული.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს
სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344-ე პრიმა
მუხლებით მიმდინარეობს.