ბოლნისელი 14 წლის ნურჯან ნაზაროვა უკვე ორი წელია კიკბოქსინგითაა
დაკავებული.
მან არაერთ ტურნირში მოიპოვა გამარჯვება. ნურჯანმა მორიგ წარმატებას
სენაკში გამართულ შეჯიბრებაზე მიაღწია, სადაც 38.5 კგ წონით
კატეგორიაში მეტოქე დაამარცხა და საქართველოს პირველობის ტიტული
მოიპოვა.
„კიკბოქსინგზე სიარული 2024 წლიდან დავიწყე. ბევრგან
მაქვს გამარჯვება მოპოვებული, სულ 11-ჯერ გავიმარჯვე. ეს სპორტი
ბავშვობიდანვე ძალიან მინდოდა“.
ნურჯანის თქმით, მის რეგიონში გოგონების მიერ
სპორტზე სიარულს
არაერთგვაროვნად უყურებენ. მიუხედავად ამისა, მას საზოგადოებაში
არსებული სტერეოტიპებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და საკუთარი
მიზნისკენ სვლა განაგრძო.
„აქ ამაზე ცოტა ცუდად იყურებოდნენ. დედაჩემის დახმარებით
ჩავეწერე. საზოგადოებაში ჩემს სპორტულ აქტივობას კარგად არავინ
შეხვდა, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია. დედას წყალობით
გავაგრძელე ვარჯიში. რაც თავად მინდოდა, იმას მივაღწიე. ოჯახი გვერდში
დამიდგა. ხალხი ამბობდა: „გოგო რაა, სპორტი რაა“, „სწავლას მიხედე“,
„ვერაფერს მიაღწევ“, „სპორტს მალე დაანებებ თავს“, „გამარჯვებები არ
გექნება“... თუმცა, ყველა ტურნირზე, სადაც კი გამოვედი, გავიმარჯვე.
ჯერჯერობით არცერთი მარცხი არ მქონია“, — აღნიშნა
ნურჯან ნაზაროვამ.
ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველი ადგილი ასევე მოიპოვა მარნეულში,
გარდაბანში, ყარაჯალაში (ყარაჩოფში), თბილისსა და ზოგადად ქვემო
ქართლის რეგიონში გამართულ კიკბოქსინგის ტურნირებზე. მისი პირადი
მწვრთნელი შაჰინ ბახტიაროვია.