მარნეულელმა სპორტსმენმა ბათუმში ტაეკვანდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
2-5 ივნისს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, ბათუმში პირველად გაიმართა სპორტული პროექტი – „საქართველოს I ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის მარნეულიდანაც, სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

მარნეულის სპორტული სკოლის ინფორმაციით, ფესტივალში მარნეულიდან 8 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოდან ხადიჯა შამშიევა. მან ტაეკვონდოში, 49 კგ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი

მოიპოვა.

17 წლის ხადიჯა შამშიევამ „მარნეულის რადიოსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მრავალი წელია სოფელ სადახლოში ტაეკვონდოთია დაკავებული. მისი ყველაზე დიდი ოცნებაა, მომავალში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა და საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო არენაზე ღირსეულად წარმოჩენა.

„მე ტაეკვონდოისტი ვარ. ჩემი მწვრთნელი სამირ ბედიევია. ბათუმში გამართულ შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დავიკავე. ძალიან კარგი ტურნირი იყო და ბედნიერი ვარ, რომ მასში მონაწილეობა მივიღე. მსგავსი მასშტაბის შეჯიბრებაში პირველად ვმონაწილეობდი. მომავალშიც ვაპირებ სპორტით დაკავებას. იმედი მაქვს, უფრო დიდ ტურნირებშიც მივიღებ მონაწილეობას. ღმერთის ნებით, ოლიმპიურ თამაშებშიც გამოვალ.“

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გამართულ ფესტივალში ქვეყნის 12 რეგიონიდან (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი) დაახლოებით 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ფესტივალში მონაწილე 14-17 წლის სპორტსმენები ერთმანეთს სპორტის 17 სახეობაში ეჯიბრებოდნენ: 3x3 კალათბურთი, ბადმინტონი, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ძიუდო, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდო, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა და ხელბურთი.

მარნეულელი სპორტსმენის, ხადიჯა შამშიევას პირადი მწვრთნელი სამირ ბედიევია. ის მარნეულის სპორტული სკოლის სადახლოს ტაეკვონდოს მწვრთნელია. მისი თქმით, ძალიან უხარია თავისი აღსაზრდელის წარმატება. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ახალი შეჯიბრებისთვის ემზადებიან და დარწმუნებულია, რომ მისი მოსწავლეები მომავალშიც წარმატებით იასპარეზებენ.

„შეჯიბრებაში ჩემი ერთი სპორტსმენი – ხადიჯა შამშიევა მონაწილეობდა. მან წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა. ეს ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა. ორი წლის შემდეგ კვლავ გაიმართება. იმედია, მაშინ უფრო მეტ სპორტსმენს წავიყვან. ტაეკვონდოზე 6 წლის ასაკიდან ვიღებ ბავშვებს. ჩემი 6-7 მოსწავლე საქართველოს ჩემპიონია. ვაგრძელებთ მზადებას და ახალი ტურნირისთვის ვემზადებით. მომავალი თვის ბოლოს ბათუმში საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 10 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. იმედია, ამ ტურნირშიც ჩავერთვებით. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების სპორტში ჩართვა და მათი განვითარება. მიზნად გვაქვს დასახული, რომ ჩვენი ახალგაზრდები ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილნი.“

მარნეულის სპორტული სკოლის ინფორმაციით, ბათუმში გამართულ საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სკოლა ქვემო ქართლის ნაკრები გუნდების შემადგენლობაში 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. სპორტსმენთა ნაწილმა მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა შეძლო.

ქართული ჭიდაობისა და ძიუდოს გუნდურ შეჯიბრებებში ქვემო ქართლის ნაკრები გუნდები ფესტივალის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ქვემო ქართლის ძიუდოს ნაკრების შემადგენლობაში ანდრო პაპუნაშვილი და ლიზა დავაძე ასპარეზობდნენ, ხოლო ქართული ჭიდაობის ნაკრებში – ანდრია ჯალაბაძე და გაბრიელ ფანგანი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა გუნდების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის ყველა რეგიონის ნაკრები გუნდის მონაწილეობით ჩატარებული პირველი ფართომასშტაბიანი მულტისპორტული შეჯიბრებაა.

პროექტის მიზანია სპორტის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, რეგიონების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენა, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები