მარნეულში მშვილდოსნობის ჩემპიონატი იმართება

მშვილდოსნობაში საქართველოს თასის მესამე ეტაპის შეჯიბრი მარნეულში მიმდინარეობს.

ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს უძლიერესი მშვილდოსნები იღებენ. 40-მდე სპორტსმენში, რომლებიც მარნეულში გამართულ შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას, საქართველოს მშვილდოსნობის ნაკრების ყველა წევრია. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები, დიდები და კადეტები.

შეჯიბრების მთავარი მსაჯისა და მშვილდოსნობაში მარნეულის სპორტსკოლის მწრთვნელის გიორგი გორდეზიანის თქმით, აღნიშნული სახის შეჯიბრებები ძირითადად თბილისსა და ბათუმში იმართება. მარნეულში შეჯიბრის გამართვა კი მშვილდოსნობის პოპულარიზაციის მიზნით გადაწყვიტეს.

„უკვე იყო შემთხვევები, როდესაც ჩემთან ახალგაზრდები მოვიდნენ და (მშვილდოსნობის) სექციაში მონაწილეობის, ვარჯიშის სურვილი გამოთქვეს. ამდენად ამ სახხეობის პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგია რომ შეჯიბრი მარნეულში ჩატარდა“ - გვითხრა გიორგი გორდეზიანმა

ქვემო ქართლის მასშტაბით მშვილდოსნობის სექცია მხოლოდ მარნეულში ფუნქციონირებს, რომელიც 3 წლის წინ გაიხსნა. გორდეზიანი ამბობს, რომ დღევანდელ შეჯიბრში მარნეულელებმა მონაწილეობა სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო ვერ მიიღეს, მაგრამ ისინი საქართველოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებში გამოდიან.

საქართველოს მშვილდოსობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტისა და მოქმედი სპორტსმენის ხათუნა ნარიმანიძის თქმით, მარნეულში მშვილდოსნობის შეჯიბრებები ყოველწლიურად გაიმართება.

„მე ვიძლევი პირობას როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, რომ როგორც ქუთაისში განვავითარეთ მშვილდოსნობა და უკვე მესამე წელია იქ სისტემატიურად ტარდება შეჯიბრებები, ასევე იქნება მარნეულშიც. მომავალშიც, ზაფხულში ან სექტემბერში, გველოდეთ ისევ ვესტუმრებით მარნეულს სრული შემადგენლობით.“

ხათუნა ნარიმანიძემ ასევე აღნიშნა, რომ მარნეულში მშვილდოსნობისათვის ძალიან კარგი ბუნებრივი პირობებია.

საქართველოს თასის მე-3 ეტაპი მშვილდოსნობაში გუშინ დაიწყო და დღეს, 17 ოქტომბერს დასრულდება.

რადიო „მარნეული“


Print