მარნეულელი მშვილდოსნები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო შეჯიბრებების ნაწილს ეთიშებიან

მარნეულის სპორტსკოლის მშვილდოსნობის სექციას სათანადო აღჭურვილობა არ აქვს, რის გამოც სპორტსმენები შეჯიბრებების ნაწილს ეთიშებიან.
მარნეულში მშვილდოსნობის სექცია უკვე 3 წელია ფუნქციონირებს. ქვემო ქართლის მასშტაბით მშვილდოსნობის სექცია მხოლოდ მარნეულშია.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მშვილდოსნობაში მარნეულის სპორტსკოლის მწვრთნელმა გიორგი გორდეზიანმა თქვა, მარნეულელი სპორტსმენები ზამთრის ჩემპიონაებში იღებენ მონაწილეობას, რადგან დისტანცია უფრო მცირეა, ხოლო ოლიმპიურ დისციპლინებში ვერა, რადგან დისტანცია 70 მეტრია.

„ჯერ-ჯერობით სამაგისო იარაღის გამო ვერ გამოდიან შეჯიბრებაზე, თორემ არიან ახალგაზრდები რომლებსაც უკვე შეუძლიათ, რომ შესაბამისი იარაღი როდესაც გვექნება მიიღონ შეჯიბრში მონაწილეობა.“ - გვითხრა გიორგი გორდეზიანმა

მარნეულელმა სპორტსმენებმა 16-17 ოქტომბერს მარნეულში გამართულ მშვილდოსნობაში საქართველოს თასის მესამე ეტაპის შეჯიბრში მონაწილეობა სწორედ სათანადო იარაღის არქონის გამო ვერ მიიღეს.

მარნეულს მშვილდოსნობის განვითარებისათვის კარგ ადგილად თვლის საქართველს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე.

„მინდა ავღნიშნო, რომ (მარნეულში) მშვილდოსნობისთვის გადასარევი პირობებია და გადასარევი ადგილი არის. ჩემი თხოვნა იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს მიმართ, რომ დაეხმარონ. ინვენტრარი ძვირადღირებულია, ინვევტარის პრობლემაა მატო. მარნეულში დარწმუნებული ვარ ახალგაზრდები ძალიან ბევრი არიან და ახალგაზრდა სპორტსმენებისაგანაც იქნება მონდომება.“ - გვითხრა ხათუნა ნარიმანიძემ

მარნეულის სპორტსკოლის დირექტორმა იაგო ნავერიანმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მშვილდოსნობისათვის საჭირო ინვენტარის შეძენას გეგმავენ.

„ამ ეტაპზე აქვთ რაღაც აღჭურვილობა რომლითაც გამოდიან, მაგრამ ჭირდებათ ახალი და იმას ვიყიდით. ტენდერი გამოვაცხადეთ რამოდენიმეჯერ და არავინ არ შემოსულა. მომდევნო კვირიდან კიდევ ვაპირებთ გამოცხადებას“ - გვითხრა იაგო ნავერიანმა

მარნეულის სპორტსკოლას მშვილდოსნობისათვის საჭირო ინვენტარის შესყიდვისათვის ტენდერი ივლისში ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 6 400 ლარი იყო. მასში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები