ყიზილაჯლოში „სოკარი“ სპორტულ კომპლექსს ააშენებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „სოკარი“ სპორტულ კომპლექსს ააშენებს.

„სოკარისათვის“ ორი წლის ვადით მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 14 სექტემბერს, გამართულ სხდომაზე მიიღო.

„კომპანია „სოკარმა“ მოგვმართა მარნეულის მუნიციპალიტეტს და ითხოვა ყიზილაჯლოში არსებული 3 245 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შემდგომში მასზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიზნით. ჩვენ განვიხილეთ ეს პროექტი და დღეს უკვე საკრებულოზე წარმოვადგინეთ დასამტკიცებლად, რომ ორი წლის ვადით, აღნაგობის უფლებით, გადაეცეს უსასყიდლოდ კომპანია „სოკარს“ ყიზილაჯლოში არსებული მიწის ნაკვეთი და შემდგომში, როდესაც დასრულდება სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ეს კომპლექსი გადმოეცემა მერიას საკუთრებაში“ - განაცხადა მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ლობჯანიძემ აღნიშნა, რომ სპორტული კომპლექსის პროექტის სავარაუდო ღირებულება ერთ მილიონ ლარამდეა. „სოკარი“ კომპლექსის მშენებლობას მარნეულის მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დაიწყებს.

საკითხის განხილვისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა და საკრებულოს მოქმედმა წევრმა ახმედ იმამკულიევმა ვარაუდი გამოთქვა, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდეს.

„ჩვენ გვახსოვს, რომ 2018 წელსაც ასე იყო, ბანერები გამოაკრეს რომ მშენებლობა უნდა დაწყებულიყო ყიზილაჯლოს სპორტული კომპლექსის, მაგრამ ორი წელი არაფერი გაკეთებულა. ახლაც ასე ხომ არ იქნება, უბრალოდ რომ დაანახოთ, რომ წინასაარჩევნოთ რაღაცას აკეთებთ და მერე კიდევ ორი წელი არაფერი არ გაკეთდება“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის განცხადებას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე გამოეხმაურა და მას უთხრა, რომ ამ ეტაპზე, კომპანია „სოკარი“ სპორტულ კომპლექსს აუცილებლად ააშენებს.


რადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები