მარნეულელმა სპორტსმენმა ჰონგ-კონგში მკლავჭიდის შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა (ვიდეო)
13:45 / 08.04.2025
6 აპრილს, ჰონგ-კონგში გამართულ მკლავჭიდის საერთაშორისო შეჯიბრში
მარნეულელმა სპორტსმენმა, ელვინ ედიგაროვმა, პირველი ადგილი დაიკავა.
სპორტსმენმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ სარეიტინგო ტურნირში
ზრდასრულთა შორის. სპორტსმენმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას
განაცხადა, რომ შეჯიბრში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა,
ყველა მეტოქე დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.
"ორი თვის წინ სპორტდარბაზში ნაცნობი ადამიანისგან
გავიგე, რომ ჰონგ კონგში მკლავჭიდში საერთაშორისო შეჯიბრი ტარდებოდა.
გადავწყვიტე მონაწილეობა ამ
შეჯიბრში და მოვემზადე. ხუთი კონკურენტი
მყავდა. ყველა დავამარცხე. ჩემი ბოლო კონკურენტი რუსი სპორტსმენი იყო.
დავამარცხე, პირველი ადგილი მივიღე და კიდევ ერთხელ წარმოვადგინე ჩემი
ქვეყანა, საქართველო, ამ შეჯიბრში."
ელვინი წარმოშობით მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფიდანაა. მისი თქმით,
ამჟამად ჩინეთში, მაკაოში ცხოვრობს და სპორტით 10 წლის ასაკიდან არის
დაკავებული.
„სპორტით 10 წლიდან დავკავდი. პირველად რუსეთში, ტიუმენში
დავიწყე სპორტით დაკავება, კიკბოქსინგით. 2003 და 2004 წლებში იქ
მოვიპოვე პირველი და მეორე ადგილები კიკბოქსინგში. 2010 წელს
გადავწყვიტე ბოდიბილდინგით დავკავებულიყავი. ამჟამად ბოდიბილდინგით
ვარ დაკავებული. იყო ბოდიბილდინგის საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც
გაიმართა 2024 წლის 15 დეკემბერს ჩინეთში. ამ შეჯიბრში მე ასევე ავიღე
პირველი ადგილი მოზარდთა შორის. ბოდიბილდინგის კატეგორიაში 60-ზე მეტი
სპორტსმენი მონაწილეობდა“.
35 წლის სპორტსმენის თქმით, მან წარმატებას სხვების დახმარების გარეშე
მიაღწია და სირთულეების მიუხედავად, საერთაშორისო შეჯიბრებებში
მონაწილეობს.
"სიტყვით ვერ გამოვხატავ იმ გრძნობებს, რაც მე მაქვს სხვა
ქვეყანაში გამარჯვების დროს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ აქ
სპორტსმენებს ძალიან კარგი მხარდაჭერა აქვთ და დიდი პატივისცემით
ეპყრობიან. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მხარდაჭერა არ არის. ყველა
წარმატება, რისთვისაც მიმიღწევია, ჩემით მივაღწიე. ჩართული ვარ
სპორტში და ვმუშაობ ჩემი ოჯახის საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად."
აღსანიშნავია, რომ მარნეულელი სპორტსმენი ელვინ ედიგაროვი ამჟამად
ჩინეთის ერთ-ერთ სპორტდარბაზში მწვრთნელად მუშაობს.