ჩინეთში კორონავირუსი რეკორდულად ვრცელდება
ჩინეთის ხელისუფლება იუწყება კორონავირუსის ახალი, მძლავრი ტალღის შესახებ, როცა, ერთ დღეში, ინფექციის 32 000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხა. ეს რეკორდული მაჩვენებელია ჩინეთისთვის. იუწყებიან, რომ ვირუსი ვრცელდება ჩინეთის ხელისუფლების მიერ მაქსიმალური ზომების მიღების მიუხედავად.

„ამჟამად, ჩინეთის მასშტაბით, ბევრ ადგილას ვლინდება სპორადული აფეთქებები. ეპიდემიის პროფილაქტიკა და კონტროლი დედაქალაქში ყველაზე კრიტიკულ ფაზაშია“,
- აცხადებს პეკინის მუნიციპალური მთავრობის პრესმდივანი სიუი ხეცზიანი, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში.

ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში პერიოდულად ლოქდაუნი ცხადდება.

COVID 19-ის მიმართ ნულოვანი პოლიტიკის გამო, ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. ამან დააზიანა ქვეყნის ეკონომიკა და ხალხის პროტესტიც გამოწვია. ქუჩაში ათასობით ადამინი გამოდის. გასულ კვირაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ჰუანზჟოუს ქუჩებში, სხვადასხვა საგანი დაუშინეს პოლიციელებს და გადააბრუნეს პოლიციის ავტომობილი.

მომიტინგეები საკვებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტს აპროტესტებდნენ; მაგრამ მათ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ხელმიუწვდომელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ამ მიზეზით ერთ-ერთ ქალაქში 4 თვის ბავშვი დაიღუპა, რომელიც მშობლებთან ერთად, კარანტინის გამო სასტუმროში იყო ჩაკეტილი. ეს ბავშვის ამ მიზეზით გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტია.

ახლახან ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გამართა რამდენიმე შეხვედრა ჰონგკონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ჯონ ლისთან, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით კოვიდი დაუდასტურდა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print