უკრაინა აცხადებს 108 ქალის გათავისუფლებას, რუსეთთან მხოლოდ ქალი პატიმრების გაცვლის პირველი ოპერაციის ფარგლებში
უკრაინის განცხადებით, რუსეთთან შედგა პატიმართა კიდევ ერთი "მასშტაბური" გაცვლა, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ქალი პატიმრების გაცვლის პირველ შემთხვევას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი იერმაკი ტელეგრამით წერს, რომ გაცვლა მოხდა 17 ოქტომბერს და გათავისუფლებულია 108 ქალი.

"დედები და ქალიშვილები პატიმრობაში იყვნენ, და მათი ნათესავები მათ ელოდნენ"
- ამბობს იერმაკი. გათავისუფლებულ პატიმრებს შორისაა 37 ქალი, რომლებიც უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის შენობაში რჩებოდნენ, კვირების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლისას, სანამ არეალს რუსეთის ძალები დაეპატრონებოდნენ.

გათავისუფლებულ ქალთა უმრავლესობა უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრია. იერმაკმა ინტერნეტით გაავრცელა ფოტო, რომელიც ასახავს ქუჩაზე მიმავალ ქალებს, მათგან ბევრს სამხედრო ფორმა აცვია და იღიმება.

გათავისუფლებული ქალებიდან რამდენიმე დაატყვევეს მანამ, სანამ რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეიჭრებოდა, და ისინი პატიმრობაში რჩებოდნენ "ექსტრემალურად პრო-უკრაინული პოზიციებისთვის" - ამბობს იერმაკი და დასძენს, რომ ქალებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი თავიანთ ოჯახებში დაბრუნდებიან.

იერმაკს არ დაუკონკრეტებია იმ ქალების ვინაობა, რომლებიც უკრაინამ გაათავისუფლა გაცვლის ოპერაციაში, რომელსაც ის დაძაბულს უწოდებს.

კიევსა და მოსკოვს შორის პატიმართა გაცვლის ბოლო ოპერაცია ამ დრომდე 13 ოქტომბერს იყო განხორციელებული და შეეხო 20 უკრაინელ სამხედროს.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები