ფაშინიანმა ОДКБ-ს დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა
“სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის დარეგულირების კონტექტსში ОДКБ-ს მხრიდან სომხეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ დოკუმენტი პრაქტიკულად მზადაა, თუმცა დამუშავებას საჭიროებს”, – ამის შესახებ ერევნის სამიტის შეფასების დროს მედიას სამხედრო ბლოკის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა განუცხადა.

სომხური მედიის ცნობით, ერევნის სამიტზე მიღებული იყო 15 გადაწყვეტილება, რომელთა შორის ორი შემდგომ დამუშავებას საჭიროებს. ერთ-ერთი კითხი კი სომხეთს უკავშირდება.

“ნიკოლ ფაშინიანმა ისევ თქვა, რომ ერევანი ორგანიზაციისგან პოლიტიკურ შეფასებას მოელის სომხეთის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ და სწორედ ამ მიზეზით ის მზად არაა ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. კონკრეტულად რა ფორმულირებებია დოკუმენტში, უცნობია”,
– წერს azatutyun. am.

“ОДКБ -ს მხრიდან მიმდინარე სიტუაციის მკაფიო პოლიტიკური შეფასების არარსებობა და ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილების მიუღებლობა შესაძლოა ნიშნავდეს არა მხოლოდ ОДКБ -ს მხრიდან სამოკავშირეო ვალდებულებებზე უარის თქმას, არამედ იმასაც, რომ აზერბაიჯანი ამას ОДКБ -სგან აღქვამს მწვანე შუქად შემდგომი აგრესიისთვისაც. ეს ყოველივე კი ეწინააღმდეგება ОДКБ -ს სულისკვეთებას და ყველა იმ დოკუმენტის არსს, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას საფუძვლად უდევს”,
– განაცხადა ფაშინიანმა.

azatutyun.am -ის ცნობითვე, ფაშინიანმა თქვა, რომ პოლიტიკური შეფასება მომხდარის, პირველ რიგში მორალური თვალსაზრისით არის აუცილებელი, რამდენადაც ეს სამოკავშირეო ურთიერთობების ლოგიკური გამოვლინებაა.

ფაშინიანის განცხადებითვე, სომხეთს სურს, რომ ОДКБ -მ აზერბაიჯანთან პოლიტიკურ-დიპლომატიური სამუშაო უნდა ჩაატაროს იმისთვის, რომ მან სომხეთის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს.

23 ნოემბერს ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] სამიტი ერევანში აქციების ფონზე გაიმართა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სომხეთმა არაერთხელ მიმართა ორგანიზაციას, რეაგირება მოეხდინა სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტისას, ОДКБ ნეიტრალობას ინარჩუნებს სომხური ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს ფაქტი სომხეთში მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანებას იწვევს, რის გამოც ორგანიზაციის დატოვებას მოითხოვდნენ.ОДКБ-ს სამიტზე ერევანში ქვეყნის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ორგანიზაციის მუშაობა კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ სომხეთს აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს შესაბამისი მხარდაჭერა ორგანიზაციის ქვეყნის წევრებისგან არ მიუღია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები