მსოფლიო ომის ქრონიკა: 21 ივლისი, 2025
მოსკოვი დრონების შეტევის ქვეშ
21 ივლისს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით
მორიგი შეტევა განხორციელდა. დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში,
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, 15-მდე დრონი ჩამოაგდეს.
მერმა მხოლოდ ერთი კონკრეტული დაზიანებული ადგილი დაასახელა -
დასახლება კიევსკი. მისი თქმით, სერიოზული დაზიანებები არ არის და
არავინ დაშავებულა, თუმცა რუსული მედიის
ცნობით, დრონის ნამსხვრევებმა
ერთ-ერთ სახლში ხანძარი გამოიწვია. შეტევის გამო დროებით დაიხურა
მოსკოვის ოთხივე საერთაშორისო აეროპორტი: შერემეტიევო, ვნუკოვო,
დომოდედოვო და ჟუკოვსკი.
როსტოვის ოლქზე დრონების შეტევა და რკინიგზის
დაზიანება
21 ივლისს, მოსკოვის პარალელურად, დრონების შეტევა დაფიქსირდა
როსტოვის ოლქზეც. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის,
იური სლიუსარის ინფორმაციით, დრონები განადგურდა ნოვოშახტინსკში,
ნოვოჩერკასკსა და შახტიში, სადაც არაერთი მსხვილი ქარხანა, მათ შორის
საავიაციო და ნავთობპროდუქტების, მდებარეობს. უკრაინა მსგავს
ობიექტებს, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაში მონაწილეობენ,
კანონიერ სამიზნედ მიიჩნევს. ამავე დღეს, როსტოვის ოლქში დრონების
შეტევის შედეგად დაზიანდა კამენოლომნის რკინიგზის სადგური, რამაც
ხანძარი გამოიწვია და 26 სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეაფერხა.
უკრაინაზე მასირებული თავდასხმა: მსხვერპლი და ნგრევა კიევში,
ხარკოვსა და ივანო-ფრანკოვსკში
21 ივლისს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული
კომბინირებული შეტევა მიიტანა რაკეტებითა და დრონებით, რომლის სამიზნე
დედაქალაქი კიევიც იყო. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის
ცნობით, დედაქალაქში დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. მერი
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ხანძრები გაჩნდა სახლებსა და
არასაცხოვრებელ შენობებში, მათ შორის საბავშვო ბაღში. დაზიანდა კიევის
მეტროს სადგურ „ლუკიანოვსკაიას“ შესასვლელი. რუსული დრონებით
მასირებული შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც, სადაც დაზიანებულია სახლები,
გზები, ტრამვაის რელსები და ელექტროგადამცემი ხაზები. ასევე, რუსული
რაკეტებითა და დრონებით შეტევა განხორციელდა ივანო-ფრანკოვსკსა და მის
მახლობლად მდებარე სოფლებზე. ქალაქის მერის, რუსლან მარცინკივის
განცხადებით, ეს ომის დაწყების შემდეგ ივანო-ფრანკოვსკზე ყველაზე
მასშტაბური შეტევა იყო, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო
ინფრასტრუქტურის ობიექტები და დაშავდნენ ადამიანები. უკრაინაზე
რუსეთის ჯარების მორიგი მასირებული შეტევის გამო, პოლონეთის არმიის
სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის ავიაცია გაგზავნა
და გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სახმელეთო და
რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები.
სირიაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონა შევიდა, ძალადობას
1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
20 ივლისს, სირიის სამხრეთში, დრუზებით დასახლებულ ქალაქ სუვაიდაში,
ჰუმანიტარული დახმარების პირველი კოლონა შევიდა, ერთი კვირის შემდეგ,
რაც რეგიონში ძალადობამ იფეთქა. სირიის წითელი ნახევარმთვარის ცნობით,
ეს პირველი დახმარებაა ბოლო მოვლენების შემდეგ. ვითარება
სტაბილიზებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რომელსაც წინ
უძღოდა დრუზ მებრძოლებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები.
გასულ კვირას მომხდარ ძალადობას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა,
მათ შორის 600-ზე მეტი დრუზი (300 მშვიდობიანი მოქალაქე), 300-ზე მეტი
ჯარისკაცი და პოლიციელი და 20-ზე მეტი ბედუინი არაბი. ასევე, ისრაელის
საჰაერო დარტყმებს 15 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი, სადაც ასევე
ცხოვრობს დრუზების თემი, თავს სირიაში უმცირესობის დამცველად
წარმოადგენს და დამასკს დრუზების დევნასა და ბედუინების დახმარებაში
ადანაშაულებს. სუვაიდაში, სადაც ადამიანები ელექტროენერგიისა და წყლის
გარეშე არიან დარჩენილი, საკვების მარაგი მწირია.
ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მაძიებლებს ცეცხლი გაუხსნეს,
პაპი ომის დასრულებას ითხოვს
ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ 20 ივლისს
ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც ჩრდილოეთ
ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად შეიკრიბნენ. წინასწარი
მონაცემებით, სროლის დროს 67 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.
გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის კოლონას, რომელსაც სურსათი
გადაჰქონდა, "მშიერი მშვიდობიანი ადამიანების უზარმაზარი ჯგუფი,
რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს". ისრაელის სამხედროებმა უარყვეს დაღუპულთა
რაოდენობა და განაცხადეს, რომ ჯარისკაცებმა ისროლეს "უშუალო საფრთხის
ასაცილებლად". გაეროს ცნობით, მაისის ბოლოდან დახმარების თითქმის 800
მაძიებელი დაიღუპა. ისრაელი ღაზის ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში სახმელეთო
ოპერაციის დასაწყებად ემზადება, რაც 2023 წლის ოქტომბრიდან პირველად
ხდება. 20 ივლისს, რომის პაპმა ლეონ XIV-მ დაგმო ღაზაში ომი და მისი
დასრულება მოითხოვა, ისრაელის სამხედროების მიერ კათოლიკურ ეკლესიაზე
სისხლიანი დარტყმიდან რამდენიმე დღეში.