მარნეული-წითელი ხიდის ტრანსპორტის გრაფიკის ცვლილების გამო სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მარნეული-წითელი ხიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკის ცვლილების გამო.


საიდა აბდულაევა და მისი და თბილსიში სწავლობს. ოჯახის სანახავად სოფელში ჩამოსვლა რამდენიმე კვირაა უძნელდებათ. დები სოფელ კირეჩ-მუღანლოში ცხოვრობენ. თბილისიდან მარნეულამდე ჩამოსვლა გოგოებისათვის მარტივია, მაგრამ ძნელად პოულობენ ტრანსპორტს მარნეულიდან სოფლამდე ჩასასვლელად.

საიდას თქმით, სოფელში წასვლა მეზობელი სოფლების ტრანსპორტის გამოყენებით უწევს, რაც  დროის დაკარგვასა და მეტ ხარჯს იწვევს.

„ბოლო დროს ტრანსპორტი ნორმალურად არ მუშაობს. მარნეულიდან წითელ ხიდამდე ავტობუსები 10-ზე, 12-ზე, 2-ზე და 4-ზე გადიოდნენ, მაგრამ ბოლო 1-2 კვირაა, რაც თავის დროზე არ მოძრაობენ. ჩვენი გაკვეთილები 1-ზე, ხანდახან 3-ზე მთავრდება. თბილისიდან მარნეულში მივდივართ, მაგრამ 4-ის ნახევარზე გამსვლელ ავტობუსს ვერ ვუსწრებთ. ამბობენ რომ 4-ის ნახევარზე თუ არ მოდის, ექვსიანს დაელოდეთო. ველოდებით, მაგრამ ისიც არ მოდის. ასეთ შემთხვევაში კი იძულებული ვხდებით კაჩაგანის მარშრუტკას გავყვეთ. ისიც კაჩაგანამდე მიდის, 7-ის ნახევარზე კაჩაგანში ვართ ხოლმე. ხან მამა, ხან ნათესავები მოდიან და სახლში მივყავართ“. - ამბობს საიდა.

საიდას თქმით, ის ერთადერთი არაა, ვისაც ტრანსპოტის პრობლემა აწუხებს.  იგივე სიტუაციაში არიან სხვა სტუდენტებიც.

რადიო მარნეული ინფორმაციის გასარკვევად მარნეულის ავტოპარკის ხელმძღვანელს, გიგა ჯალაღონიას დაუკავშირდა. როგორც მან, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი ორი ავტობუსიდან ერთი გაფუჭდა და აღდგენას აღარ ექვემდებარება. სიტუაცია კი მას შემდეგ შეიცვლება, რაც მუნიციპალიტეტი ახალ ტრანსპორტს შეიძენს და ერთს წითელი ხიდის მიმართულებით გაუშვებენ.

"ავტობუსების ჩამოყვანას ველოდებით, ერთს წითელი ხიდის მიმართულებით გავუშვებთ. ტენდერს მერია აცხადებს და ვადებზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამიტომ, ვერ გეტყვით როდის გავუშვებთ." თქვა გიგა ჯალაღონიამ.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, უკვე შეძენილი ჰყავთ ოთხი ერთეული ავტობუსი, რომლის ჩამოყვანაც და მარშრუტებზე განაწილებას უახლოეს მომავალში იგეგმება.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები