"ერთი ძალის ხელში კონცენტრირებული უფლებები ახლა გადანაწილდა" - შეიხ სეიდ მირტაგი ასადოვი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გუშინ, 3 ივლისს ცნო.

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით სარჩელი საქართველოს რამდენიმე რელიგიურმა ორგანიზაციამ წარადგინა. ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაცია კი „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უზენაესი რელიგიური სამმართველოა“, რომლის თავმჯდომარის შეიხ სეიდ მირტაგი ასადოვის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლს გადაწყვეტილება საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიულია.

„ძალიან დადებითად ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას. ერთი ძალის ხელში კონცენტრირებული უფლებები ახლა გადანაწილდა. საკონსტიტუციოს გადაწყეტილების შემდეგ სხვებსაც შეუძლიათ ამ პრეცედენტზე დაყრდნობით საკუთარი უფლება დაიცვან. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და მიხარია რომ ამაში ჩემი წილიც არის. ყველას ვულოცავ ვისაც ვუყვარვართ და არ ვუყვარვართ. ასეთ სერიოზულ საკითხებში ამ გადაწყვეტილებამდე ჩვენ საკუთარი თავი არ გამოგვივლენია. ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური გადაწყვეტილებაა.“ - შეიხ სეიდ მირტაგი ასადოვი

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა უზენაესი რელიგიური სამმართველოს“ გარდა კონსტიტუციური სარჩელი ასევე სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიამ საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ“ წარადგინეს.

საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით ეკლესიამ შეიძლება საკუთრებაში უსასყიდლოდ მიიღოს პრივატიზებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება, თუ იარსებებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება. ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება შეუძლებელს ხდის ქონების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, არ დასტურდება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პრივილეგია არის ეკლესიის ისტორიული ღვაწლის აღიარებიდან მომდინარე, ისტორიულ გარემოებასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგი.

„ამდენად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით.“ - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები