6 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ 28 აპრილს დაგეგმილ მარშს უერთდება
6 ოპოზიციური პარტია რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. პარტიები უერთდებიან 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და იწვევენ საქართველოს მოქალაქეებსაც.

„ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

ვაფასებთ სამოქალაქო სექტორის პოზიციას ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარისა და რუსული კანონის გახმობამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ.

29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება, რომელზეც საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ, არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები.

მივმართავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც „ქართული ოცნება“ თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი – არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი, შექმნას ყალბი სურათი, თითქოს რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს განსხვავებული პოზიციის მქონე ორი ბანაკი. ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების მთლიანობის მნიშვნელობა და არასოდეს დავუშვებთ კრემლის საოცნებო სცენარს ჩვენი ხალხის დაყოფისა და დაპირისპირების შესახებ.

ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, როცა ყველამ ერთად, მტკიცედ უნდა განვაცხადოთ კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“,
– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, ენმ, „რესპუბლიკური პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები