ალგეთის N19 ქუჩის მცხოვრებლებმა გზა საკუთარი სახსრებით მოხრეშეს
დანგრეული გზა, მტვერი გაზაფხულსა და ზაფხულზე, ტალახი და წყლის გუბეები ზამთარსა და შემოდგომაზე. წლების განმავლობაში ალგეთელებს გადაადგილება, როგორც მანქანით ასევე ფეხით, უჭირდათ. გზების მოუწესრიგებლობის გამო მანქანები ხშირ-ხშირად ფუჭდებოდა.

სოფელ ალგეთის ერთ-ერთი ქუჩის მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობისაგან გზის რეაბილიტაციის დაპირება ხშირად მოუსმენია, მაგრამ გზა წლების განმავლობაში კვლავ ცუდ მდგომარეობაში რჩებოდა. მოსახლეობა მარნეულის მერიას აღარ დაელოდა და პრობლემის მოგვარება თავიანთი სახსრებით სცადეს. გასან გასანოვი 43 წლისაა, დაბადებიდან ალგეთში ცხოვრობს და ამბობს, რომ რაც თავი ახსოვს გზა მუდამ ცუდ მდგომარეობაში იყო.

„სამასი ლარი გადავიხადეთ და ჩვენ თვითონ გავაკეთეთ გზა, სოფლის მკვიდრებმა. ვის რისი საშუალებაც ჰქონდა იმდენი დავდეთ, 10 ლარიდან ორი ლარის ფარგლებში. ერთი 5 წელია რაც ვთხოვთ გზის გეკეთებას, თუმცა გვეუგბებიან რომ ჯერ სხვა სოფლების ჯერია, ასე გვპასუხობენ მერიაში.“ - გვეუბნება გასან გასანოვი

„ეს გზა ასე კი არ იყო. ძალიან საშინელ დღეში იყო. ჩვენ შევაგროვეთ ფული და გავაკეთეთ. მთავრობა არჩევნებიდან არჩევნებამდე გვპირდება, თუმცა მათგან არაფერი ისმის.“ - ამბობს შეწუხებული მოსახლე

ალგეთში ქუჩებს სახელები არ აქვს, ის უბანი კი სადაც მოსახლეობამ საკუთარი ფულით დააგო გზა მუნიციპალიტეტის დოკუმენტებში N19-ად არის მოხსენიებული.

როგორც ჩვენ მარნეულის მერიიდან მოგვწერეს „ამჟამად გზა არის მოხრეშილი. თუმცა შესაძლებლობიდან გამომდინარე თუ ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას დაიგეგმება, გზის მოასფალტება.“

ალგეთის N19 ქუჩის მაცხოვრებლების მიერ, საკუთარი სახსრებით, მოხრეშილი გზა შესაძლოა მათი ასფალტის გარეშე დარჩენის მიზეზი გახდეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები