საუკუნის წინ მიღებული მემკვიდრეობა და 0 ლარად შეძენილი უძრავი ქონება - დარზიევის ქონებრივი დეკლარაცია
მარნეულელი დეპუტატის მახირ დარზიევის მიერ 2018 წლის 27 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ვკითხულობთ, რომ დარზიევებს უძრავ ქონებაში თანხა არასოდეს არ გადაუხდიათ.

მახირ დარზიევს სოფელ ლეჟბადინში 1996 წელს მიწის რეფორმის შედეგად საკუთრებაში 0 ლარად 1 575 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 260 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 213 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გადაეცა. ამავე წელს დარზიევის მეუღლემ, იქაიათ დარზიევამ ასევე სოფელ ლეჟბადინში 1 454 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო.
2006 წელს სოფელ ლეჟბადნში 111 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი ასევე 0 ლარად მიიღო იქაიათ დარზიევამ.

მახირ დარზიევის შვილმა ზექა დარზიევმა 2013 წელს ნულ ლარად შეიძინა 40 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ლეჟბადინში. 2016 წელს კი 150 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასევე ნულ ლარად.

მახირ დარზიევმა 2016 წელს სოფელ კირაჩ მუღანლოში 66 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილი ასევე უფასოდ, ნასყიდობის ფორმით შეიძინა.

მოძრავი ქონების სახით მახირ დარზიევი 2013 წლის land cruiser prado-ს ფლობს, რომელშიც მან 0 ლარი გადაიხადა. მისმა შვილმა ზექა დარზიევმა კი 2017 წელს 10 000 დოლარად 2007 წელს გამოშვებული toyota hilux შეიძინა.

ბანკი ქართუს ანგარიშზე პარლამენტარს 4 632,85 ლარი აქვს. ნაღდი ფულის სახით კი ის 18 000 ლარს ფლობს.

დარზიევის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან სოფელ ლეჟბადინში 1 680 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილი 1916 წელს მემკვიდრეობით მიიღო. აღსანიშნავია, რომ მახირ დარზიევი 1957 წელს დაიბადა.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში გვითხრეს, სავარაუდოდ დარზიევმა დეკლარაციის შევსებისას მექანიკური შეცდომა დაუშვა, ამ მომენტისათვის კი ის დოკუმენტში ცვლილებას ვეღარ შეიტანს, რადგან დეკლარაციის გამოქვეყნებიდან 48 საათი უკვე გასულია.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები