სკოლამდელი აღზრდის ცენტრებში, საბავშვო ბაღებსა და საკვებ ობიექტებში ორგანული ნარჩენებისათვის განკუთვნილი ურნები დაიდგმება
მარნეულის „ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს“ 30 სანაგვე ურნა გადასცეს.

სანაგვე ურნები ძირითადად სკოლამდელი აღზრდის ცენტრებში, საბავშვო ბაღებში, საკვებ ობიექტებში და საპილოტე ვერსიის სახით რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში განთავსდება.

როგორც მარნეულის „ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს“ ხელმძღვანელმა ირაკლი ბურნაძემ გვითხრა, სანაგვე ურნები ორგანული ნარჩენებისათვის იქნება განკუთვნილი.

„ამ ურნებში უნდა მოხდეს მხოლოდ ორგანული ნარჩენების სეპარირება. სტიკერზე აღნიშნული იქნება თუ რა სახის ნარჩენებზეა საუბარი და ვფიქრობთ, რომ ამით მოსახლეობას უფრო გაუადვილდებათ ნარჩენების დახარისხება“

ბურნეძე ამბობს, რომ თითო ურნის მოცულობა 1 ტონა და 100 კილოა. ამ მომენტისათვს „ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“ სპეციალურ სტიკერებს ელოდება, რომლებზეც მითითებული იქნება თუ რა სახის ნარჩენი უნდა მოთავსდეს მასში, რის შემდეგაც სანაგვე ურნებს შერჩეულ ტერიტორიაზე განათავსებენ.

სანაგვე ურნები „ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს“ ევროკავშირის ფონდის პროექტის ფარგლებში გადასცეს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები