"ერთი წამით არ მიფიქრია, რომ მოვკვდებოდი" - მარიამ ბობოხიას კიბოსთან ბრძოლის ისტორია






34 წლის მარიამ ბობოხიამ უცნაური სიმაგრე მკერდში ოთხი წლის წინ იგრძნო. ექიმთნ მალევე წავიდა. უთხრეს, რომ ანალიზების პასუხს უნდა დალოდებოდა. ვერ მოისვენა და საკუთარი ექოსკოპიის პასუხის გასაშიფრად, ინტერნეტში „ქექვა“ დაიწყო და გაიგო, რომ კარცენომა, სიმსივნეს ნიშნავდა. 10 დღეში მძიმე დიაგნოზი კვლევითაც დადასტურდა და მარიამმა მკერდის კიბოსთან ბრძოლა დაიწყო.

“არ განმიხილია რამე სხვა - დავუშვათ, რომ მოვკვდე. ერთი წამითაც არ მიფიქრია. ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩე. ყოველ დილით ვდგებოდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ უნდა გადარჩე. თავიდან სასაცილოდ ჟღერდა, მაგრამე მერე ისე გადაიზარდა ეს ჩვევაში, რომ ვგრძნობდი კარგად ვიყავი.“ - ამბობს მარიამ ბობოხია

მარიამი გამოკვლევებზე უმეტესად მარტო დადიოდა. ოჯახის წევრებს საკუთარი დიაგნოზი პოზიტიური განწყობით შეაპარა. გადაწყვიტა, რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ მის შვილს დედა ჰყოლოდა.

„ოჯახის წევრებმა ვერ აღიქვეს მე რამხელა რისკის წინაშე ვიყავი. არ დავმალე, რომ კიბო მქონდა. ეს სათქმელი ისე მივიტანე მათთან, რომ დღემდე ვერ ხვდებიან მაშინ რამხელა რისკის ქვეშ ვიყავი. დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმას თუ როგორ მიაწვდი ამ ინფორმაციას.“


ოპერაცია 2016 წელს გაიკეთა და მალევე სამსახურში დაბრუნდა. მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში მუშაობა გააგრძელა და აზერბაიჯანულ სკოლაში ქართული ენის სწავლება. მარნეულში ყოველ დღე თბილისიდან დადიოდა და ვერავინ იჯერებდა, რომ ამ ფონზე მძიმე სენს ებრძოდა.

„არავის არ სჯეროდა მე რომ დრენაჟით დავდიოდი. კაბა მეცვა და დრენაჟი გვერდზე მქონდა. ეს არ მეტყობოდა. სამსახურში გამოსვლა და ხალხთან ურთიერთობა ძალიან მინდოდა და არც დეპრესიაში ვყოფილვარ. საღად შევხედე ამ ყველაფერს. დავიწყე ბრძოლა და ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება და 7 წელი კიდევ უნდა ვიმკურნალო. ჩემს თავში ეს დაავადება მე დავამარცხე“


მარიამი ფინანსური სირთულეების წინაშე არ დამდგარა. პედაგოგის დაზღვევა მას ყველა ხარჯს უფარავდა, თბილისის მერია კი მედიკამენტებს დღემდე უფინანსებს, თუმცა მთავარ „წამლად“ მარიამს ამ ბრძოლაში შეუპოვრობა მიაჩნია. თვლის, რომ ყველა ადამიანისთვის გამოკვლევების ჩატარება სისტემატიურად აუცილებელია.

„ვამბობ, თავიდან რომ დაიწყოს ცხოვრება, ავირჩებდი თუ არა ამ დაავადებას? დიახ, ავირჩევდი. იმიტომ, რომ ბევრი რამ მასწავლა და დამანახა. არ ვუყურებ ცუდი კუთხით“ - ამბობს მარიამ ბობოხია

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ქალებში 5 გავრცელებული დაავადებიდან პირველ ადგილზე ძუძუს კიბოა. მარნეულის საავადმყოფოებში უფასო ონკოლოგიური გამოკვლევები არ ტარდება. უფასოა თბილისში მდებარე ეროვნული სკრინინგ ცენტრი. სკრინინგის პროგრამა მცირედით განსხვავდება თბილისში და რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. 

ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევასა და მამოლოგიურ გასინჯვას. საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, ასევე უფასოა ძუძუს ექოსკოპიაც. ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.

მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სიმსივნით დაავადების მაჩვენებელი წლიდან-წლამდე იზრდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები