სხვანაირად რომ ყოფილიყო აითაჯი გადარჩებოდა (?)
„14 წლის გოგომ მარნეულის სამშობიაროში ბავშვი გააჩინა,“
„15 წლის გოგოს მშობლები ძალით ათხოვებდნენ,“

16 წლის გოგოს ნიშნობის ფაქტზე დირექტორმა რეაგირება არ მოახდინა“,
„15 წლის გოგოს საიდუმლო ნიშნობის შესახებ ინფორმაცია მისმა თანაკლასელებმა გაამჟღავნეს“,
„14 წლის გოგოს ნიშნობა მარნეულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა ჩაშალა,“

ესაა მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლო წლების განმავლობაში ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის შესახებ გარცელებული ინფორმაციის ნაწილი.

არასწრულწლოვანთან ქორწინების თითოეული შემთხვევის უკან დგას გოგო, რომელიც კარგავს ბავშვობას, მის უკან კი დგანან მშობლები, თემი, სადაც ის გაიზარდა, სკოლა, სამართალდამცავი უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობა - რომლებმაც ვერ აღკვეთეს ან ხშირ შემთხვევაში ხელი შეუწყვეს დანაშაულს რომლითაც არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზიანი მიადგა.

უფლებადამცველები თანხმდებიან, რომ სკოლა ეს ის ადგილია სადაც ბავშვმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს და შეძლოს საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი. სწორედ სკოლაა რეფერირების მექანიზმის (ბავშვთა ქორწინებისა და ნიშნობის გამოვლენისა და აღკვეთის) ერთ-ერთი მთავარი რგოლი, მაგრამ სკოლა ბავშვს ყოველთვის არ იცავს.

სკოლამ სათანადოდ ვერ დაიცვა 14 წლის აითაჯი, რომელიც მისმა 27 წლის გამტაცებელმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. აითაჯი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახის საჯარო სკოლაში სწავლობდა. მისი მკვლელობის შემდეგ სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია გოგონას გატაცების შესახბ, ხოლო ბავშვის დედა დაჰპირდა, რომ აითაჯი სკოლაში სიარულს ოქტომბრიდან გააგრძელებდა.

აითაჯი დმანისის სოფელ ჰუსეინქენდში ცხოვრობდა, სკოლაში კი ზემო ყარაბულაღში დადიოდა. ჰუსეინქენდში სკოლა აღარ ფუნქციონირებს - ჩამოშლილია ჭერი, მორყეულია კიბეები, საკლასო ოთახებში ამოდის მცენარეები, იატაკი და ჭერი ხავსითაა დაფარული. აითაჯის თანასოფლელებს ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე საუბარი არ სურთ, მაგრამ საუბრობენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლა გოგოების განვითარებისათვის.

„2 სართულიანი სკოლაა. უპატრონობის გამო სკოლა დაიშალა და ბავშვები ყარაბულახში დადიან. ის გოგოც (აითაჯი) წავიდა და იქ მოკვდა. ეს სკოლის არარსებობის გამო მოხდა“. - ამბობს ჰუსეინქენდელი ქამანდარ გახრამანოვი

„სკოლა არ გვაქვს და შვილიშვილები მარნეულში სწავლობენ. ადრე კარგი სკოლა გვქონდა, მაგრამ ახლა დაიშალა და სხვა სოფელში დადიან ჩვენი ბავშვები“. - ამბობს ფარიდე ომაროვა



განათლების სისტემის არაეფექურობაზე საუბრობს მარნეულელი უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა. მისი თქმით, ადრეულ ასაკში ქორწინების აღკვეთაში სკოლას უპირველესი როლი უნდა ეკავოს, თუმცა რეალობა საპირისპიროს აჩვენებს.

„დღეს ვინც ადრეულ ასაკში ქორწინების მსხვერპლნი არიან, როგორც ჩანს მათ სკოლმ ვერ მისცა შესაბამისი განათლება, შესაბამისი იმედი, შესაბამისი რესურსი და ამიტომ ბავშვს იქიდან გაქცევა უნდა. მაგრამ, სადაც არიან კარგი დირექტორები, კარგი მასწავლებლები, ვინც კანონი კარგად იცის, განათლების სისტემის შესახებ ბევრი ინფრომაცია აქვთ, იციან სკოლის როლის შესახებ, ასეთ სკოლებში არ ხდება ადრეულ ასაკში ქორწინება და თუ ხდება, მასწავლებელი ცდილობს დაელაპარაკოს ბავშვს, მის ოჯახს. არაერთი შემთხვევა ვიცით, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მიმართონ შესაბამის უწყებებს და მოაგვარონ ეს პრობლემა“. - ამბობს სამირა ბაირამოვა

ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ნიშნობას პრობლემად აღიქვავენ ყიზილაჯლოს N2 და ბაიდარის საჯარო სკოლის დირექტორები და მოსწავლეებიც.



საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინების ასაკად განსაზღვრულია 18 წელი. არასრულწლოვანთან ქორწინება კანონით ისჯება.

„როდესაც ვსაუბრობთ ადრეულ ქორწინებაზე და ხანდახან ვიყენებთ ტერმინს ბავშვთა ქორწინება, აქ მნიშვნელოვანი არის ასაკი. თუ პირი 16 წელსაც არაა მიღწეული და ისე შედის ქორწინებაში და ქორწინება ცხადია გულისხმობს სქესობრივ კავშირს, აქ უკვე ცხადია ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს. ხოლო 16-დან 18 წლამდე პირი რომ შედის ქორწინებაში, ამას ქორწინებად არ აღიქვამს სახელმწიფო იმიტომ, რომ სახელმწიფო ამბობს, რომ ისეთი სერიოზული გადაწყვეტილება, რასაც ნიშნავს ქორწინება, უნდა მიიღონ მხოლოდ სრულწლოვანმა ადამიანებმა,“ აცხადებს უფლებადამცველი ბაია პატარაია.

პატარაიას განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იძულებითი ქორწინების პრაქტიკაა, როდესაც ოჯახის წევრები დამოუკიდებლად იღებენ ქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას და არასრულწლოვანს აიძულებენ ამ გადაწყვეტილებას დაემორჩიოლოს.

„ამ დროს გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა და არ იღებს არასრულწლოვანი, მაგრამ მისი ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას და ხშირად, ძალიან ხშირად, ეს არის იძულებით მიღებული გადაწყვეტილება. გვაქვს ძალიან ბევრი რეალური ფაქტი, სადაც არასრულწლოვანს აქვს სხვა ინტერესები, მას არ სურს ქორწინება. მაგალითად, უნდა სწავლის გაგრძელება ან აქვს სხვა გეგმები, მაგრამ ოჯახი ასე უწყვიტავს. ცხადია, ეს არის იძულებითი ქორწინება. სამართლებრივად ქორწინეაბც კი არაა ეს და ასეთი პრობლემები საქართველოში არსებობს და რეალურია“.

უფლებადამცველის განმარტებით, მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს დისკრიმინაცია ქალთა და გოგონათა მიმართ, რაც არის გენდერული მგრძნობელობის ნაკლებობით გამოწვეული, ასევე სახელმწიფო ვერ ხედავს სქესობრივ დანაშაულებებს. ბაია პატარაია აცხადებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა და კანონმდებლობა სქესობრივი დანაშაულების მიმართ პრობლემურია და შეცვლას საჭიროებს. დისკრიმინაციული დამოკიდებულებაზე მეტყველებს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც თუ დამტკიცდა, რომ 16 წელს მიუღწეველ პირთან სრულწლოვანს ნებაყოფლობითი სექსი ჰქონდა, მაშინ ეს კვალიფიცირდება მსუბუქ დანაშაულად და ფორმდება საპროცესო შეთანხმება, ხოლო საერთაშორისო პრაქტიკით, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში კვალიფიცირდება როგორც გაუპატიურება.

პატარაიას თქმით, აითაჯის მკვლელობამ დაგვანახა, რომ დროა საზოგადოებამ უფრო მკაცრი მოთხოვნები დაუყენოს ხელისუფლებას, რათა ადრეულ ასაკში ქორწინების უფრო ეფექტური პრევენცია მოხდეს.

პილიციამ აითაჯის მკვლელი მისი „ქმარი“ 10 ოქტომბერს, ოთხდღიანი ძებნის შემდგომ დააკავა. ასიმ ასლანოვს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა,მას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ დამამძმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკველობა,ქორწინების იძულება, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

გარდა მკვლელისა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აითაჯის დედას და ბიძას. მათ ბრალად ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა როდესაც ქორწინების იძულებისთვის მსხვერპლის ოჯახის წევრები არიან დაკავებულები. აითაჯის მკვლელობამ სახელმწიფო აიძულა უფრო მკაცრი რეაგირება მოეხდინა, რაც შეიძლება პრეცენდენტად იქცეს და საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა შეცვალოს.

„ეს ერთი საქმე ჯერ-ჯერობით ისე ჩანს, რომ თითქოს უფრო მკაცრად მიუდგა სახელმწიფო, მაგრამ სანამ პირადად მე არ დავინახავ სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას და იმ საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობას, რომლებმაც იცოდნენ, რომ ეს დანაშაული მოხდა მაგრამ არავის არ შეატყობინეს და ხელი არ შეუშალეს ამ დანაშაულს, მანამდე მე ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო პატიოსნად იძიებს ამ საქმეს.
დღეს დაუსჯელობის სინდრომი არის აზერბაიჯანულ თემში იმიტომ, რომ რეალურად არ სჯიან არავის და ხალხს აქვს ილუზია, რომ ეს დაშვებულია, რასაც ისინი აკეთებენ“
. - აცხადებს ბაია პატარაია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს, არასრულწლოვანთან სავარაუდოდ ქორწინების მოტივით ჩადენილ 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2021 წელს - 212 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო 2022 წლის 6 თვეში (1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით) - 61 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

გარეკანის ფოტო: ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები