რამდენი პირველკლასელის მიღება შეეძლებათ მარნეულის სკოლებს
დღეს, 6 მარტს, პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ 2024-2025 საწავლო წლისათვის მარნეულის 74 საჯარო სკოლას მაქსიმუმ 2200 მოსწავლის მიღება შეეძლება. მათივე განმარტებით, სკოლებში ყოველწლიურად დაახლოებით 2000 პირველკლასელი რესგისტრირდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2024 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპს მოიცავს.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები