შსს-ს თანამშრომელი ხელმძღვანელობას ღირსების შელახვასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა მას დისკრიმინაციულად ეპყრობა, რის გამოც სამართლებრივ დავას აპირებს. მისივე თქმით, შსს აღნიშნული დეპარტამენტის რეორგანიზაციას გეგმავს, რათა არასასურველი თანამშრომლები სისტემიდან გაუშვას. ამის სესახებ ინფრმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს, პოლიციელის ფეისბუქ პოსტზე დაყრდნობით.
12 ივლისს, შუაღამისას გამოქვეყნებულ პოსტში გოგა რაზმაძე წერს, რომ საჯაროობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამინისტროში „ყველა ეტაპი გადავლახე და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამართალი ვერ ვიპოვე“.

როგორც რაზმაძე ამბობს, უკვე 12 წელია, შსს-ში მუშაობს, 2018 წელს კი, კონკურსის გავლის შემდეგ, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დაინიშნა. ამჟამად მას ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა უკავია.

დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება. დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად. დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები. შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთანაც. ასევე, თანამშრომლები დავექვემდებარეთ ცენზურას. დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. უფრო მეტიც, ამ დეპარტამენტის დანიშნულება სწორედ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების შემჩნევა და მათზე რეაგირება იყო."- წერს რაზმაძე.

რაზმაძის თქმით, დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებსა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ საუბარი არაერთხელ სცადა მინისტრის მოადგილესთან, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ დარახველიძესა და დეპარტამენტის მენეჯმენისთვის მეილი გაეგზავნა. ეს 16 ივნისს მოხდა.

11 ივლისს დამიბარეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში. მზად ვიყავი ახსნა-განმარტების მისაცემად (იმ პირობით, რომ ოქმის ასლს გადმომცემდნენ), თუმცა მოულოდნელად ოთახში შემოვიდა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე დავით მინდიაშვილი. მან გააგრძელა ჩემთან გასაუბრება, რაც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მან „საქმე გამირჩია“ იმის გამო, რომ ხელმძღვანელებისთვის მიწერილ წერილში დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მთელი გასაუბრების განმავლობაში, იგი მეპყრობოდა დამამცირებლად და შეურაცხყოფდა ჩემს ღირსებას. აგდებულად მოიხსენიებდა იმ დეპარტამენტს, სადაც ვმუშაობ. მეძახდა ამბიციურს. მეუბნებოდა, თუ რა მიკეთებია ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მაიძულებდა ახსნა-განმარტების დაწერას. რამდენიმე თანამშრომელთან ერთად განიხილავდა ჩემს პირად Facebook პოსტებს და აკრიტიკებდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე სხვა დროისთვის გადაგვეტანა ახსნა-განმარტების მიცემა (რაც ნებაყოფლობითია), იგი არ მიშვებდა ოთახიდან და მეუბნებოდა, რომ თუ არ დავწერდი განმარტებას, „სამსახურიდან გამაგდებდა.“ ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო
,“ — ამბობს გოგა რაზმაძე.

საჯაროდ მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მზად ვარ, დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ჩემს მიმართ 11 ივლისს განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ასევე, უკვე მივმართე სახალხო დამცველს, ჩემს მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით.

ასევე, მივმართავ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, უცხო ქვეყნის ელჩებს, მედიას – დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და არ დაუშვან ჩემი და ჩემი ოჯახის
წევრების უსაფრთხოების ხელყოფა,
“ – წერს ის.







Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები