ამილახვარი: გამოვაცხადებთ და დავიწყებთ დირექტორთა ახალ კონკურსს 1000-ზე მეტ სკოლაში
განათლების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვრის თქმით, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოდან სამინისტრო სკოლების დირექტორთა ახალ კონკურსს გამოაცხადებს.

ამილახვარი ამბობს, რომ დასაკომპლექტებელია 1000-ზე მეტი სკოლა.

„ჩვენ გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ახალ კონკურსებს დარჩენილ სკოლებში და შევთავაზებთ ყველას – როგორც სერტიფიცირებულ კანდიდატებს, ასევე ნებისმიერ მსურველს, ვინც კონკურსისთვის მინიმალურ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს”. – თქვა მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, სკოლების დირექტორების შესარჩევად სპეციალური წესი იმუშავებს – კომისიების მუშაობაში „გარე წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან და ის არ იქნება მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული”, რათა რაც შეიძლება მეტი კანდიდატი მოიზიდონ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ამდენი სკოლა ჯერაც დირექტორის გარეშე, ამილახვარი ამბობს, რომ კონკურსში 1000 სკოლაში ჩატარდა, სხვაგან კი არა, ვინაიდან „ფიზიკურად არ იყო კანდიდატი” და სამინისტრომ ვერავინ წარადგინა.

„რა თქმა უნდა, კონკურის იმისთვის არის, რომ ვიღაც გარეთ დარჩა, ვიღაც თვლის, რომ არასამართლიანია და ა.შ. მაგრამ ყველაზე კარგი არის ის, რომ 900-ზე მეტ დირექტორზე არავინ გამოდის თქვას, რომ ან არაკვალიფიციურია, ან პოლიტიკურად ტენდენციურია. ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია”. – თქვა მან.

გიორგი ამილახვარმა ასევე აღნიშნა, რომ მან „არც ერთხელ არ გამოიყენა დისკრეციული უფლება, პირდაპირ დაენიშნა დირექტორი ნებისმიერ სკოლაში, ვინაიდან ამით სკოლების ავტონომიურობის დაცვა და გაძლიერება სცადა”.

„ეს გვინდა იმიტომ, რომ თვითონ სასკოლო საზოგადოებამ, მშობლებმა, დირექციამ, მასწავლებლებმა და, მათ შორის, მოსწავლეებმა თავად გადაწყვიტონ ვინ უნდა იყოს დირექტორი. წარდგენილი კონკურსანტებიდან 92% თავად სამეურვეო საბჭოებმა ამოირჩიეს ის დირექტორი, ვინც უნდოდათ”. – თქვა გიორგი ამილახვარმა 5 თებერვალს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები