„ძალიან აწყობთ, მაგრამ ამაოდ" — ზურაბიშვილის თქმით, არც ერთი ძალის ლიდერი არ იქნება
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – თქვა, რომ რჩება თანამდებობაზე, რჩება ფიცისა და კონსტიტუციის ერთგული.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ვერაფერმა გატეხა“.

„ვიღაცას, შეიძლება, იმედი ჰქონდა ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება, ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე. პირიქით, მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცისა და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული“. – თქვა მან.

ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ არ იქნება არცერთი პოლიტიკური ძალის წევრი, არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციურ ლიდერად.

„ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს. მჯერა, რომ ქვეყანას დღეს სწორედ უპარტიო, თუმცა არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციისა და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება, რომელიც ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს: საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცავლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში“, – თქვა მან.

ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ არ აპირებს არავისთან შეჯიბრებას იმაში, თუ რა წვლილი მიუძღვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მისივე თქმით, ეს საქართველოს მიღწევაა და „გარჩევების დრო არაა“ და რომ სტატუსს უნდა მოჰყვეს რეალური შედეგები, საამისოდ კი ერთიანობაა საჭირო.

შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მზადაა, შექმნას „მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“!

„მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“! მე მზად ვარ, ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას”. – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მომდევნო დღეებში აპირებს, შეხვდეს პოლიტიკურ სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და უმასპინძლოს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები