დავითგარეჯის საკითხი მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება გადაწყდეს — კობახიძე
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავითგარეჯის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ აზერბაიჯანთან დიალოგის გზითაა შესაძლებელი.

ამის შესახებ მან პარლამენტში ოპოზიციასთან თავის სამთავრობო გეგმის წარდგენისას, დღეს, 7 თებერვალს ისაუბრა.

კობახიძის თქმით, დავითგარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან კითხვები არსებობს.

„როგორც მოგეხსენებათ, დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით წარიმართება დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან და მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყვნენ უდანაშაულო ადამიანები დაჭერილი, მე მგონი, კითხვის ნიშნები საზოგადოების ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე წარიმართა: რატომ მოხდა რუკების ისე განსაზღვრა, როგორც განისაზღვრა? რატომ მოხდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან იმ განცხადებების გაკეთება, რომელიც გააკეთა? დღეს ითქვა, თითქოს არავინ უარყოფს იმას, რომ გარეჯი საქართველოა.

თუმცა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თუ არ ვცდები, ნინო კალანდაძემ, „აღიარა“, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კონკრეტული ნაწილი საქართველო არ იყო. შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს კითხვები თავის დროზე დაისვა. ამიტომ, კითხვები არსებობს როგორც მოხელეების, ასევე პოლიტიკურ ნაწილში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენა არის“,
— განაცხადა კობახიძემ.

„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულნი არიან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი არ აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები