TI: 2023-ის მიწურულს „ოცნებას” 13-ჯერ მეტი ფული შესწირეს, ვიდრე სხვა ყველა პარტიას ჯამურად
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ (TI) 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში პარტიების შემოწირულებები შეისწავლა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა.

კვლევის ავტორების განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ჯამში, 700,000 ლარამდე შემოწირულება მიიღო, „ქართულმა ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება კი 13-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული. TI-ს ანგარიშის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 284-მა პირმა შესწირა თანხა, სხვა ყველა პარტიას ჯამურად — 130-მა.


ანგარიშის ავტორების თქმით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო, ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული.

ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 24-მა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 616 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2013 წლიდან კი ამავე კომპანიებს 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.

„ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები სამ კომპანიას ჰქონდა მიღებული ჯამური ღირებულებით 15,000 ლარი.
„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული 26 კომპანიას სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში 2017-2021 წლებში, ჯამში, 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2022 წლებში რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ხუთ კომპანიას — 18 მილიონ ლარამდე“ ,
— ვკითხულობთ TI-ს ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ განცხადებით, მსხვილი ბიზნესჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ.

TI-ში მიიჩნევენ, რომ ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქციური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა.

ორგანიზაციის განცხადებით, ასეთი პრაქტიკა გამოიკვეთა RMG ჯგუფთან, „ანაგი“ ჯგუფთან, „ალიანსი“ ჯგუფთან, „ნექსთი“ ჯგუფში დასაქმებულ დონორებთან დაკავშირებით:

„ფიქტიური შემოწირულების ეჭვს აჩენს აგრეთვე დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა შპს „ლილო-მოლთან“ დაკავშირებით, როდესაც კომპანიის წვრილმა მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს მსხვილი თანხები შესწირეს მმართველ პარტიას“ , — ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის განცხადებით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ, 2023 წლის მე-4 კვარტალში, კანონიერების შემოწმების მიზნით შემოსავლების სამსახურიდან 350 პირის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, რომლებიც 11 სხვადასხვა პარტიის შემომწირველები იყვნენ. ფიზიკური პირებიდან 175 „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო, ხოლო 175 — სხვა პარტიების.

TI აღნიშნავს, რომ 2023 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით აიკრძალა იურიდიული პირების მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება, აგრეთვე, შემცირდა პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაღებული ხარჯების ზედა ზღვარი.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებები მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და ვერ აღმოფხვრის მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის არსებულ დიდ ფინანსურ უთანასწორობას.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები