თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ადგილზე კახა კალაძის მისვლას ითხოვენ
თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თბილისის მერის კახა კალაძის მისვლას ითხოვენ.
109-ე ბაგა-ბაღის შენობასთან ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, ბაღის ეზოში კი მშობლები ბავშვებთან ერთად იმყოფებიან. მათი განცხადებით, საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დანგრევა გადაწყვეტილია, რასაც ისინი აპროტესტებენ.

ადგილზე იმყოფება თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს.

რამდენიმე წუთის წინ მშობლებმა გარკვეულ პირებს ბაგა-ბაღის ჭიშკრის გაღების უფლება არ მისცეს. მშობლები აცხადებენ, რომ ამ ავტომობილით საბავშვო ბაღის საწყობში არსებული საკვები უნდა გაეტანათ, რის უფლებასაც არ მისცემენ.

მშობლები პროტესტს გამოთქვამენ ბაღის დახურვასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ საშუალება ბავშვები მერიის მიერ დასახელებულ საბავშვო ბაღებში ატარონ. ერთ-ერთმა მშობელმა კახა კალაძეს მიმართა, ადგილზე მივიდეს და მათ კითხვებს პასუხი გასცეს.

“კახა კალაძემ მოგვცეს პირობა, რომ რესტავრაცია ჩაუტარდება ბაღის შენობას და არ დაინგრევა. მოვიდეს და დაგველაპარაკოს. ლაივის ჩართვა ფეისბუქზე არ გვჭირდება”, - განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა მშობელმა მარიამ ცხვედიანმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები