ერთ დღესაც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც მოკავშირეები ნატოს ფარგლებში – პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ აშშ ამაყობს საქართველოსთან მეგობრობით და პარტნიორობით. აშშ-ში საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პომპეომ აგვისტოს ომიც გაიხსენა და რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულება – გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე”,- განაცხადა პომპეომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. მან ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო, სადაც სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები იყო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები