პაატა იმნაძე - შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად, წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურებაა მოსალოდნელი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურება, ამიტომ მისი რეკომენდაციით, მოსახლეობამ აცრა უნდა ჩაიტაროს.

„საკმაოდ მშვიდი ზაფხული გვქონდა. ამ პერიოდთან დაკავშირებული დიდი ეპიდაფეთქებები, რომლებიც საკვებსა და წყალს უკავშირდებოდა, არ ყოფილა. იყო მცირე შემთხვევები, მაგრამ საბედნიეროდ, დიდი ეპიდაფეთქებები ქვეყანაში ზაფხულში არ ყოფილა.

რაც შეეხება შემოდგომას, ბავშვები ბრუნდებიან, ამიტომ პირველ რიგში მოსალოდნელია ისეთი დაავადებების გააქტიურება, სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ აქტიურად მუშაობს, ეს არის წითელა-წითურა. წითელა ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ წითურა გვაქვს, ამიტომ გვაქვს ერთადერთი რჩევა, რომ მშობლებმა ბავშვის სკოლაში შეყვანამდე კიდევ ერთხელ კარგად უნდა ნახონ ბავშვის ვაქცინაციის ისტორია და თუ რამე ასაკობრივი ვაქცინა გამოტოვებული აქვს, აუცილებელად ჩაუტარონ”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება რესპირატორულ დაავადებებს, პაატა იმნაძის განმარტებით, მათი გააქტიურება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, თუმცა, დამოკიდებულია ამინდზე.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რესპირატორული დაავადებები ძირითადად, შემოდგომის ბოლოს აქტიურდება.

„ვისაც ზამთარში გრიპის ეშინია, გრიპის ვაქცინაცია ოქტომბერში იწყება ხოლმე და ამ დროს უნდა ჩაიტარონ ის და არა იანვარსა და თებერვალში, როცა გრიპის სეზონი დაიწყება”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები