„ბანანის რესპუბლიკად“ ქცევის მორიგი ნაბიჯი — ქადაგიძე ოფშორების კანონზე
„ჩვენ გადავიხდით, ოლიგარქი — არა, ანუ „ბანანის რესპუბლიკად“ ქცევის მორიგი ნაბიჯი.

დღეს დილიდან გავთიშე ტელეფონი და მოვემზადე ე.წ. „ოფშორების კანონის“ წასაკითხად, საერთაშორისო გამოცდილების, პოლიტიკის დოკუმენტის და სხვა ანალიტიკის სანახავად, თუ როგორ მოხდება ინვესტორების მოზიდვა და ა.შ. ხელში კი შემრჩა ორი აბზაცი, ჩაკვეხებული საგადასახადო კოდექსში, თუმცა, დაჩქარებით მიღებული. დიახ, დაჩქარებული წესით.

რატომ? ამ ცვლილებების შედეგად ოლიგარქი ან/და მისი მეგობრები (მეგობრები კი ჩრდილოეთიდან მეტწილად) ე.წ. ოფშორული ზონიდან გადმოიტანენ/გადმოაფორმებენ აქტივებს საქართველოში და არ გადაიხდიან არანაირ გადასახადს; 0-ს.

ჩვენ გადავიხდით საშემოსავლოს, ოლიგარქი — არა!
ჩვენ გადავიხდით მოგების გადასახადს, ოლიგარქი — არა!

ჩვენ გადავიხდით დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადებს, ოლიგარქი — არა!
ქონების გადასახადს კი საერთოდ არ გადაიხდის 2030 წლამდე!

და აქვე ცოტა რამ ბანკებზე.

საქართველოს საბანკო სექტორი და, შესაბამისად, მთლიანი ჩვენი ბიზნესი ინტეგრირებულია დასავლურ სისტემაში სულ ორი საკორესპონდენტო ბანკით. უფრო გასაგებად, ქართული ბანკებიდან ნებისმიერი უცხოური გადარიცხვა/გადმორიცხვა ხორციელდება ერთი გერმანული და ერთი ამერიკული ბანკის მიერ. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველო არის მომატებული რისკის იურისდიქცია (ეს ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება მოხდეს), ჩათვალეთ, რომ ნებისმიერ გადარიცხვას/გადმორიცხვას დასჭირდება დღეები თუ არა, კვირები, მილიონი დამატებითი დოკუმენტის წარდგენა და ყოველი მესამე გადარიცხვა გაიჭედება და მობრუნდება.
ეს რას ნიშნავს ფიზიკური პირებისთვის, ინდ. მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, რა მოხდა? ასეა რუსეთში, ირანში, ბელორუსიაში და ცხოვრობენ, ცხოვრობენ რა, არსებობენ.

მოკლედ, ამ ბრძოლის წაგება არ შეიძლება!“

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც მარტივდება ოფშორული ზონებიდან საქართველოში ბიზნესის გადმოტანა.

კერძოდ, ცვლილების მიხედვით, საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ყველა ოფშორულ კომპანიას, რომელიც თავის აქტივებს საქართველოში 2028 წლის პირველ იანვრამდე გადმოიტანს.

შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან. ამავე ოპერაციის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება ნებისმიერი აქტივის საქართველოში შემოტანა. აღნიშნულის პირობად კი დასახელებულია ის, რომ ოფშორულ ზონასა და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს (ვისაც გადაეცემა აქტივები ოფშორიდან) ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდეთ.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები