გარდაიცვალა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი
87 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი.

ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ვაჟა აზარაშვილს სხვადასხვა წლებში მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

ვაჟა აზარაშვილმა 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი. 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.

კომპოზიტორი წერდა სიმფონიურ და საესტრადო ნაწარმოებებს, მუსიკას სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის.

მისი დაწერილია ცნობილი სიმღერები თბილისზე - "თბილისური ლირიკული", "სიმღერა თბილისზე", "სიმღერა მეტეხზე". პოპულარულია მისი სიმღერები "მუსიკა", "დღეები მიდიან", "პატარა გოგო", "მზე ჩემი მეგობარია", "ისევ წვიმს", "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", "დინამო, დინამო" და სხვა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები