სამირა ბაირამოვას მშობლები შვილის უსაფრთხოების დასაცავად
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მშობლბი, სახელმწიფოს ოფიციალიური წელით მიმართავენ. თეიმურხან ბაირამოვი და ხანპარი ბაირამოვა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვატანგ გომელაურს,  რეაგირებისაკენ მოუწოდებენ. მშობლები ქვეყნის პირველ პირებს შვილის უსაფრთხოების დაცვას სთხოვენ.

გთავაზობთ სამირა ბარამოვას მშობლების მიმართვას:

"ჩვენ სამირა ბაირამოვას მშობლები ვართ. ის ქვემო ქართლის რეგიონიდან აქტიური სამოქალაქო აქტივისტია და ბევრს აკეთებს ჩვენი თემის საჭიროებების სხვებისთვის საჩვენებლად და რეალობის შესაცვლელად. სამწუხაროდ, ის არაერთხელ გახდა საზოგადოების გარკევული ჯგუფების მსხვერპლი მისი აქტივიზმის გამო. ამ წლის 14 მარტს სამირა ბაირამოვამ პერფორმანსით გააპროტესტა ქალაქ მარნეულში „ალტ-ინფოს“ ბაზაზე ჩამოყალიბებული ძალადობრივი, პროპუტინისტური, შოვინისტური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფისის გახსნა. მან ექსტემისტული პარტიის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა და ამით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს ხაზი გაუსვა. ამავდროულად ამ ქმედებით სამირამ უკრაიანელი ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და ასევე ევროკავშირის დროშით ამ კონკრეტულ პარტიას შეახსენა, რომ საქართველოს გზა უკვე არჩეულია ქართველი ხალხის მიერ და ჩვენ რუსეთში არ დავბრუნდებით. ჩვენ ვიცით, რომ ამ პარტიის საქმიანობას არა ერთი სხვა აქტივისტი გამოეხმაურა სხვა რეგიონებში, მათ შორის, ხულოში, სვანეთში, გორში, ოზურგეთში, ხარაგაულში და ა.შ.
ახლა პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ აქტივისტები ემუქრებიან ჩვენ შვილს. მათ არაერთი მუქარის შინარსის ტექსტი გაუგზავნეს სამირას პირადად, რომელიც მის მიმართ გენდერულ და ეთნიკურ სიძულვილს აჩვენებს და სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. 16 მარტს კი 50-მდე ამავე პარტიის წევრი ჩამოვიდა მარნეულში და ღიად ემუქრებოდნენ ჩვენ შვილს. მან რა თქმა უნდა პოლიციაში იჩივლა და ძალიან ველოდებით გამოძიების შედეგებს და შვილის რეალური დაცვის გარანტიების მიღებას.
ჩვენი თაობა სხვა რეალობაშია გაზრდილი და შესაბამისად ჩვენთვის რთული იყო და არის სოციალური და პოლიტიკური აქტიურობა. 1990 წლებიდან დაწყებულ ძალიან რთული გზა გავიარეთ. მაშინდელი მოვლენებმა, შოვინისტურმა მოძრაობებმა და არა ერთი სოფლიდან და ქალაქიდან ეთნიკური აზერბაიჯანლების გაძევების გამოცდილებამ არ მოგვცა იმის იმედი და შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს მშენობლების პროცესში სათანადო მონაწილეობა მიგვეღო და მომავალი თაობისთვის უფრო უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი გარემო შეგვექმნა. ჩვენი შვილები ამ რთულ პერიოდში გავზარდეთ და გადავრჩით, ახლა ვერ შევეგუებით, რომ ჩვენს შვილს სიკვდილით და ეთნიკური ზიზღით დაუპირისპირდნენ სხვები. ჩვენ არ გვესმის ახალი თაობას რატომ აქვს რუსეთის იმედი და რატომ არიან საკუთარი თანამამულეების მიმართ ასეთო აგრესიულები და მტრულად განწყობილები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის რუსეთი და როგორ უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ომით, ოკუპაციით, ქართველების გატაცებით, ახალი საზღვრების დაწესებით და ყოველ დღე ახალი მიწების წართმევით.
როდესაც სამირას უმაღლესი განათლების მიღების საკითხი დადგა, ჩვენ ვაპირებდით მის გაგზავნას სხვა ქვეყანაში, რათა უფრო დაცული ყოფილიყო და არ შეხვედროდა ის სირთულეები შოვინიზმის და გაუცხოების, რომელიც ჩვენ გავიარეთ. მაგრამ ის არ დათანხმდა ამას და თბილისში სწავლა გადაწყვიტა. დიახ მაშინაც ვნერვიულობდით მიუღებლების საკითხზე და გვეშინოდა, რომ არატოლერანტულ გარემოს არ დაეზიანებინა ჩვენი შვილი. რა თქმა უნდა ის მაშინ პატარა იყო, არ იცოდა ის წარსული რომელიც 90-იან წლებში ჩვენ გავიარეთ.
სამირამ ძალიან რთული გზა გაირა, თავისით ისწავლა ქართული ენა, სამი უნივერსიტეტი დაამთავრა. ჩვენ პატივს ვცემთ მის საქმიანობას და არჩევანს. ის ღამეებს ათენდა სწავლის გამო. ჩვენ არ გვინდა მისი შრომა დაიკარგოს.მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უკვე მიჩვეულია კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე აგრესიას და არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მაგრამ არ მომხდარა რეაგირება. თუ სახელმწიფო ჩვენი შვილებს უფლებას არ იცავს და მაშინ ჩვენ ვის უნდა ვთხოვოთ დახმარება ? ჩვენ როგორც მისი მშობლები ახლა უფრო დიდ საფრთხეს ვხედავთ, მან კონკრეტული ჯგუფები ახლა ღიად და საჯაროდ ემუქრებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უმაღლესი განათლებაც მიღებული გვაქვს, მაგრამ დღევანდელი ინტეგრაციის პოლიტიკა არ არის აქტიური ჩვენი ასაკის ადამიანებისთვის, ის უფრო ახალგაზრდებზე აკეთებს სწორებას. დიახ, ზუსტად ჩემი შვილიც ამ პოლიტიკის ნაწილია და ის თანასწორი, სამართლიანი საზოგადოების შექმნას ცდილობს და ეს არაა დანაშაული.
დიახ, ჩვენ, როგორც სამირა ბაირამოვას მშობლები მასზე ვნერვიულობთ. ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით იმის შესახებ, როცა რამდენი მშობლის შვილი მოკლეს მისი ეთნიკური, სქესობრივი, რასობრივი და პოლიტიკური შეხედულების გამო და დღემდე მათი სასამართლო პროცესი გრძელდება. ჩვენ ვიზიარებთ იმ ადამიანებს ტკვილს, მაგრამ იგივეს განმეორობა არ გვსურს. რადგანეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგი იქნება.
ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქებივართ ერთგულები საქართველოს მიმართ. მაგრამ დღემდე არ გვესმის, რატომ ვრჩებით დღემდე უცხოები, სტუმრები ამ საზოგადოებისთვის და დღემდე ეთნიკური ნიადაგზე კონფლიქტები ხდება ჩვენს რეგიონში. დიახ, ამ ყველაფერის გამო ჩვენ ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო და მშვიდ მომავალს ვერ შევქმნით. ახლა ისინი ცდილობენ ამას თვითონ თავისი ძალით და რწმებით მოახერხონ ცვლილებები. ისინი სამართლიანი, თანასწორი და შერჩევითი სამართლის გარეშე საზოგადოების მშენებლობისთვის იბრძვიან და ჩვენ ბოლომდე დავუდგებით გვერდით ჩვენს შვილს და სხვა ახალგაზრდა აქტივისტებს. ჩვენ მათი გვჯერა და ჩვენს შვილის და სხვა აქტივისტების გამბედაობის გულშემატკივრები ვართ.
დღეს ჩვენი ბაირამია. უკვე სამი წელია ჩვენ მშვიდად ბაირამს ვერ ვღნიშნავთ. ზედიზედ სამი წელია ამ თვეში ჩვენს შვილი უწევს დიდი ბრძოლა უსამართლიანობასთან და დესტრუქციულ ძალებთან.
ჩვენ მაინც იმედი არ გვაქვს დაკარგული. იმედი გვაქვს რუსეთის სახელმწიფოს მაღალი ზეგავლენა და ამ ჯგუფების უკანონო მოქმედებები აწუხებს ჩვენს სახელმწიფოს და ზომებს მიიღებს. მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი შვილების საუკეთესო მომავალზე ვფიქრობთ და ყველაფერს გავაკეთებთ თანასწორი მომავალისთვის. ამიტომ მოგმართავთ თქვეცს.
გთხოვთ მიიღოთ ყველა საჭირო ზომები ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის. დღეს ის არაა დაცული დესტრუქციული ძალების მუქარისგან და შესაძლო ძალადობისგან. ჩვენი გოგო ძლიერია, მაგრამ მისი სიძლიერე საკმარისი არაა ამ ადამიანებისგან მომდინარე ძალადობის რისკების წინაშე. სახელმწიფოს მხარდაჭერა და მეტი დაცვააუცილებელია არა მარტო სამირასთვის, არამედ ყველა ახალგაზრდა აქტივისტისთვის. სახელმწიფოს დუმული და უმოქმედობა ჩვენ გვაშინებს. გთხოვთ იმოქმედოთ!"


სამირა ბაირამოვას მიერ მარნეულში „ალტ ინფოს“ დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გადაღებვის შემდგომ სოციალურ ქსელში აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება. სამირა ბაირამოვას რამდენიმე პირმა მუქარის შემცველი წერილებიც გაუგზავნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

სამირა ბაირამოვას ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. როგორც საიას ადვოკატი ეკატერინე მიდოდაშვილი აღნიშნავს, ბაირამოვას ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, ხოლო „ალტ ინფოს“ მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარა მარნეულში ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივების მცდელობაა.
Print