„პარტიული სიმბოლიკა, თუნდაც ჯვარი, განსხვავდება რელიგიური ორგანიზაციის მოღვაწეობისგან“ - საია შსს რეაგირებისაკენ მოუწოდებს
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა მის მიმართ გავრცელებული მუქარის გამო მარნეულის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა.

პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაცია "ალტ ინფოს" მხარდამჭერებმა გუშინ, 16 მარტს, გაავრცელეს ვიდეო მიმართვა სადაც სამირა ბაირამოვას ემუქრებიან და მარნეულში ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებაზე საუბრობენ. ბაირამოვამ მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელების შემდგომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, ხოლო დღეს, 17 მარტს, ის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„ვიდეოში იყო ღია მუქარის ფაქტები. ეს ადამიანები, როგორც ადრე, კვლავ მემუქრებიან. ისინი აცხადებენ, რომ მათ ოფისზე ვანდალიზმი ჩავიდინე, მაგრამ ეს ნამდვილად არაა ასე. ეს ჯგუფები არიან საშიში სახელმწიფოსთვის, ყველა მოქალაქისათვის. ამ ჯგუფებს უნდათ მარნეულში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის დაპირისპირების მოხდენა. ახლა ისინი მემუქრებიან, რომ ორი დღის განმავლობაში მათი ოფისი პირვანდელ სახეს უნდა დავუბრუნო, ანუ პლაკატები მივიტანო და გავაკრა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმედება არაა დანაშაული და მათთვის კაპიკსაც არ გადავიხდი, ისინი არიან მოღალატეები, ისინი არიან დამნაშავეები, ტერორისტული ჯგუფები არიან, თავად არიან ვანდალები და ჩვენი მტრის მიერ დაფინანსებული ჯგუფები და პარტია“. - განაცხადა სამირა ბაირამოვამ

სამირა ბაირამოვას ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. როგორც საიას ადვოკატი ეკატერინე მიდოდაშვილი აღნიშნავს, ბაირამოვას ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, ხოლო „ალტ ინფოს“ მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარა მარნეულში ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივების მცდელობაა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, რომ დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, ვინაიდან ეს არის საკმაოდ საფრთხის შემცველი მუქარა, რომელიც ფაქტიურად განპირობებულია იმით, რომ რელიგიური შუღლი გამოიწვიოს ქრისტიანულ და მუსლიმურ მოსახლეობას შორის. როდესაც გამოდიხარ და აკეთებ ასეთ განცხადებას და შენ ემუქრები მოქალაქეს და აცხადებ, რომ მან შეურაცხყო პარტიული სიმბოლიკა, ანუ ჯვარი მერწმუნეთ, პარტიას არანაირი საერთო არ აქვს რელიგიურ ორგანიზაციასთან, ასე რომ პარტიული სიმბოლიკა, თუნდაც ჯვარი, განსხვავდება რელიგიური ორგანიზაციის მოღვაწეობისგან და მოწოდებისგან. აქედან გამომდინარე, ეს საკმაოდ საფრთხის შემცველია, რადგან უკვე არის იმის ნიშნები, რომ გაღვივდეს შუღლი“. - აცხადებს ეკატერინე მიდოდაშვილი

სამირა ბაირამოვას უფლებადამცველის განცხადებით, ბაირამოვას მიმართ გამოთქმული მუქარის ფაქტზე, როდესაც მას შეტყობინება გაუგზავნეს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ გამოძიება უკვე დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის მიხედვით, ხოლო გუშინ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ბაირამოვა დღეს გამოიკითხება.

„მიუხედავად იმისა, რომ სამირას პროტესტი იყო სრულიად არაძალადობრივი, მან საკუთარი შინაგანი ტკივილი გამოავლინა იმ ფაქტებთან დაკავშირებით რაც ხდება მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი უკრაინაში, სადაც ამდენი ადამიანი, მითუმეტეს ბავშვი, იღუპება რუსეთის არასათანადო ქმედებიდან გამომდინარე. მან უბრალოდ ტკივილი გამოავლინა საკუთარი ქმედებით, მივიდა და უბრალოდ გადაღება მათი პარტიის სიმბოლიკა და ამით გამოავლინა ის, რომ მხარს უჭერს უკრაინას და ევროკავშის მიესალმება, ხოლო პრორუსული ძალები, რომლებიც ცდილობენ რომ საქართველოში დამკვიდრდნენ და პროვოკაციული ქმედებები განახორციელონ, მგონი ყველა ამის წინააღმდეგი უნდა ვიყოთ და თავად ხელისუფლებაც უნდა იყოს ამის წინააღმდეგი“. - განაცხადა ეკატერინე მიდოდაშვილმა

სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე რეაგირებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც სთხოვენ. დღეს, 17 მარტს, პარლამენტარები შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ. დეპუტატების კითხვები საქმოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას საკითხის განხილვას ეხებოდა. თეონა აქუბარდიამ, ნინო წილოსანმა, ბექა დავითულიანმა და ტარიელ ნაკაიძემ მინისტრს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

სამირა ბაირამოვას მიერ მარნეულში „ალტ ინფოს“ დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გადაღებვის შემდგომ სოციალურ ქსელში აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება. სამირა ბაირამოვას რამდენიმე პირმა მუქარის შემცველი წერილებიც გაუგზავნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები