ბორელი რუსულ კანონზე: ვიმეორებ, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან
საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ 22 აპრილს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. ამის შესახებ მან საბჭოს დამთავრების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს”.

„საგარეო მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას პირობა ჰქონდა დადებული, რომ გაიწვევდა ამ კანონპროექტს, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულებულა.

მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს

ვიმეორებ, ეს [კანონპროექტი] შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“,
– განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

პარალელურად, „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ საბჭოზე გაისმა მოწოდება, გაგზავნონ მინისტრები საქართველოში ვიზიტით, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər