პარლამენტში „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა 1 მაისს გაგრძელდება
21:00 საათზე, რეგლამენტით დადგენილ დროს დასრულდა პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ. 30 აპრილს 11 პუნქტისგან შემდგარი კანონპროექტის მხოლოდ სამი მუხლზე მსჯელობა დასრულდა. კანონპროექტის განხილვა 1 მაისს გაგრძელდება.

სხდომის განმავლობაში კანონპროექტის მომხსენებელ ანრი ოხანაშვილსა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება იყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ოპოზიციის არცერთი შენიშნა არ გაუთვალისწინებია.

„ეს არის
დაწერილი შეკითხვები, გადანაწილებული, მანიპულირებული“, - ასე შეაფასა ოხანაშვილმა ოპონენტების შეკითხვები.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ მიმართა ანრი ოხანაშვილს: „რატომ არ გყოფნით გამბედაობა, დაეთანხმოთ თქვენს ბელადს და საზოგადოებასთან აღიაროთ, რომ დიახ, ამ კანონის მიღების ერთადერთი რეალური მიზანი არის ხელისუფლების დაკარგვის შიში, რომელიც ამოძრავებს ივანიშვილს და რომელიც გავალებთ თქვენ, რომ ქართველი ხალხის ერთხელ გაწვეული კანონი, კვლავ შემოიტანოთ და პარლამენტში გაიტანოთ“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეძახილების საპასუხოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა: „რამდენს გიხდიან იმაში, რომ სულ „რუსული“, „რუსული“ იძახოთ? არ გრცხვენიათ? არგუმენტებს როცა ისმენთ, საპასუხო საუბარს ნუ იწყებთ. მშვიდობა ხომ გაქვთ, წყალი ხომ არ მოგაწოდოთ?“ მან ოპოზიციის ქალ დეპუტატებს ხატია დეკანოიძეს და სალომე სამადაშვილს არაკორექტულად მიმართა: „გთხოვთ, ქალბატონ ხატიას დამამშვიდებელი მიუტანოთ. სალომე სამადაშვილს დამამშვიდებელიც არ შველის...“


პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სხდომის დასასრულს ოპოზიციის ქმედება ასე შეაფასა: „ეს ცირკი უნდა დაასრულოთ, სამარცხვინო ადამიანები ხართ... ახლა მიდის ცირკი უბილეთოდ“.

იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.

პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის გარშემო „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər