შეერთებული შტატების საელჩო პატივისცემას უდასტურებს სიმართლის მამაცურად გამშუქებელ მედიას
3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების ტრადიციული ინდექსი. 2024 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 180 ქვეყანას შორის საქართველო 103-ე ადგილზეა. 2023 წელს 77-ე იყო.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს უშლის ხელისუფლების ჩარევა, დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო ისევ არახელსაყრელია, იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი
და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევები და არის დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციისა და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის შეზღუდვისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობა.

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ხაზს უსვამს ამერიკის მთავრობის ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და პატივისცემას უდასტურებს ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომლებიც მამაცურად აშუქებენ სიმართლეს.

„როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და ღია მიმოქცევას”, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობას ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს მასობრივი პროტესტის გამომწვევი „აგენტების კანონი“ (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ), რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.

„ქართული ოცნება" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას მედიის არაერთ წარმომადგენელზე იყო ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტების ნაწილს - ონლაინმედიის წარმომადგენლებს - პარლამენტში მუშაობის უფლებას არ აძლევენ „უსაფრთხოების ყვითელი დონის” საფუძველზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით მოქმედებს 2024 წლის აპრილიდან, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების გამო.

პაპუაშვილმა მედიის ნაწილის შეზღუდვა იმით ახსნა, რომ ონლაინგამოცემების ჟურნალისტები აკრედიტაციას „ბოროტად იყენებდნენ“ და პარლამენტში შედიოდნენ არა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, არამედ „პროტესტის გამოსახატად".
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər