ქალი, რომლემაც მარნეულში სკოლამდელი მზაობის ცენტრები დააფუძნა, რუსული კანონის მიღებით უცხოური ინტერესის გამტარებლად შეირაცხება
ოლგა ენდელაძეს სამოქალაქო სექტორში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. მისმა ორგანიზაციამ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებამ“ შექმნა სკოლამდელი მზაობის ცენტრები მარნეულში, მუშაობენ ქალთა უფლებებზე, ეხმარებიან ძალადობა გამოვლილ ქალებს განათლების მიღებასა და სამსახურის პოვნაში, მუშაობენ მუნიციპალური ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და შშმ პირთა სერვისების განვითარებასა და სხვა თემებზე, რომლებიც მარნეულელებისათვისაა აქტუალური.

ოლგა და მისი ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ შეირაცხებიან.

2011 წელს მარნეულში არც ერთი სკოლამდელი მზაობის ცენტრი არ არსებობდა. ოლგა იხსენებს, რომ 2011 წელს სკოლამდელი განათლების საკითხები აქტუალური არ იყო - სახელმწიფო დონეზე არ არსებობდა კანონი, რომელიც ბავშვების სკოლამდელ განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობაში არავის ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაში იყო ბაღები მუნიციპალიტეტში.

„იმ დროისთვის მე თავად ვიყავი დედა, რომელსაც ჰყავდა ბავშვები და რა თქმა უნდა, პირადად მეხებოდა ეს თემატიკა და აღმოვაჩინე, რომ პრობლემა არა მხოლოდ იმაშია, რომ ეს ჩემი პირადი პრობლემაა, არამედ ის აწუხებს ყველას და არის საზოგადოებრივი პრობლემა. აწუხებს ყველა ოჯახს, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები არიან. როდესაც დავიწყეთ ეს კამპანია, შევიმუშავეთ საკმაოდ სერიოზული პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებდა როგორც ხელმისაწვდომობის ზრდას, ასევე სტრატეგიულ ხედვას - ამაში იყო ჩართული სპეციალისტები, სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების წარმომადგენლები და ა.შ. პრობლემა ძალიან მრავალმხრივი იყო - იყო ინფრასტრუქტურის კომპონენტის პრობლემა, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმისაწვდომობის პრობლემა, აღჭურვილობის პრობლემა. ვცადეთ და მოვიყვანეთ სადონორო პროგრამები, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ ამ დარგის განვითარებაში“.

ოლგას ორგანიზაცია მარნეულში საბავშვო ბაღებისა და სასკოლო მზაობის დაწესებულებების განვითარებისათვის 2011-2015 წლებში მუშაობდა. ოთხი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ პოლონეთის, ესტონეთისა და იაპონიის საელჩოების დახმარებით მარნეულში სრულიად გაარემონტა და აღჭურვა სოფელ კაპანახჩის საბავშვო ბაღი - პოლონეთისა და იაპონიის მხრიდან გამოიყო 126 981 ათასი ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 857 ათასი ლარი - სოფელ აღმამედლოში შექმნა და გახსნა სკოლამდელი მზაობის ცენტრი და გაიხსნა 6 სკოლამდელი ცენტრი სოფელ ქესალოს, თაზაქენდის, კაჩაგანის, არაფლოს, ჯანდარის და მარნეულის #6 საჯარო სკოლებში.

„ეს ყველაფერი ხდებოდა მუნიციპალიტეტის ჩართულობით და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. ისინი ხშირ შემთხვევაში ღია იყვნენ ჩვენთან თანამშრომლობისათვის. დღეისთვის, თუ არ ვცდები, მარნეულში უკვე 16-მდე სკოლამდელი მზაობის ცენტრი მუშაობს, ანუ ეს მოდელი დანერგილია და დღემდე მუშაობს მუნიციპალიტეტში“.

ოლგა ენდელაძის განმარტებით, ერთი ბაღის სრულ რეაბილიტაციასა და აღჭურვაში და 7 სკოლამდელი მზაობის ცენტრის გახსნაში, საერთო ჯამში, 400 000 ლარზე მეტი დახარჯეს - პროექტები საქართველოს პარტნიორმა სახელმწიფოებმა დააფინანსეს.

ოლგა თვლის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის მიღება და ორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ პირებად შერაცხვა საზოგადოებაში ორგანიზაციების მიმართ ნდობის შემცირებას და მათ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ოლგას არ ესმის, თუ რატომ შეიძლება იყოს ის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ მაშინ, როდესაც მან მარნეულელებისათვის შექმნა სკოლამდელი მზაობის ცენტრების სერვისი, მუშაობს ადგილობრივი ქალების უფლებების დასაცავად და მათი პრობლემების მოსაგვარებლად, იმუშავებს და ზედამხედველობას უწევს მერიის სოციალურ, შშმ პირთა, ჯანდაცვის სერვისებს და ცდილობს, რომ მარნეულის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით მოაგვაროს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər