ომი, დეზინფორმაცია და სხვა ქვეყანაში ცხოვრება - უკრაინიდან დევნილი ქალები საქართველოში
თბილისში იძულებით გადაადგილებული უკრაინელებისათვის გასულ წელს „უკრაინული სახლი“ გაიხსნა. „უკრაინულ სახლის“ ბენეფიციარებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 2 წლის შემდეგ, შეუძლიათ ისწავლონ ქართული ენა, რათა უკეთ მოახდინონ ადაპტაცია საქართველოში.

„ქართულ-უკრაინული პლატფორმის“ თავმჯდომარე და უკრაინული სახლის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი აცხადებს, რომ დღესისათვის საქართველოში, ძირითადად თბილისსა და ბათუმში, 25 000-დან 27 000-მდე უკრაინელი ცხოვრობს. იხსენებს, თუ როგორ გაერთიანდა საზოგადოება უკრაინის მხარდასაჭერად, პრორუსულმა ნარატივმა კი დამოკიდებულებების ცვლილება გამოიწვია - „ეს იყო წარმოუდგენელი მხარდაჭერა მთელი მოსახლეობისგან - მათ შორის უკრაინელებისგან, რომლებიც აქ ომამდე ცხოვრობდნენ. ყველა გამოეხმაურა უკრაინაში მომხდარ უბედურებას. ყველა ცდილობდა რაიმე გაეკეთებინა დასახმარებლად. ყველა ქართველმა იცის, რა არის ომი. ყველას ახსოვს 2008 წელი. ამიტომ, ეს განსაკუთრებული ტკივილი იყო, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ იგრძნო“.

„უკრაინული სახლი“ თბილისში 2023 წლის სექტემბერში შეიქმნა. გახსნიდან დღემდე უკრაინულ სახლს 3 000-მდე ბენეფიციარი ეწვია, რომლებიც სწავლობენ ქართულს, ინგლისურს, ხელსაქმეს, საქართველოში ბიზნესის წამოწყების ხერხებს და ატარებენ სხვადასხვა კულტურულ საღამოებს ქართველებისათვის უკრაინული კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით.

ირინა, ორასტია, მარინა და ალესია (სახელი შეცვლილია) საქართველოში ცხოვრობენ. მარინა საქართველოში ორმის დაწყებამდე ჩამოვიდა, ორასტიას აქ მხოლოდ ერთი თვე უნდა გაეტარებინა, მაგრამ უკვე ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, ირინა საქართველოში რუსეთიდან გადმოვიდა, ხოლო ალესია ოკუპირებული ლუჰანსკის ოლქიდან თავისუფალ უკრაინაში, შემდგომ კი საქართველოში გადმოვიდა.

უკრაინელი ქალები იხსენებენ ომის დაწყების პერიოდს - რა ხდებოდა მაშინ უკრაინაში, რუსეთსა და საქართველოში - როგორ გაგრძელდა ცხოვრება ომის შემდეგ საქართველოში, რა გამოწვევებს ხვდებიან ისინი რუსული პროპაგანდის გამო და როგორია მათი სამომავლო გეგმები.

უკრაინელმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა არ იციან თუ როდის შეძლებენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას. ისინი ცდილობენ ადაპტირდნენ ახალ რეალობასთან და ისწავლონ ქართული ენა. „უკრაინული სახლის“ ხელმძღვანელის, ვალენტინა მარჯანიშვილის თქმით, უკრაინელებისათვის ქართული ენის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია - „დიდებსაც დიდი საჭიროება აქვთ, რომ ელემენტარულ დონეზე მაინც იცოდნენ ქართული. გამოვაცხადეთ მიღება, ფაქტობრივად სამ-ოთხ დღეში 130 განაცხადი შემოვიდა“.

ჟვანიას სკოლამ სრულწლოვანი უკრაინელებისათვის ქართული ენის შესასწავლად ორი ჯგუფი გახსნა - ნულოვანი და ცოტა უფრო მაღალი დონის - რათა უკრაინელებს ქართველებთან კომუნიკაცია გაუადვილდეთ. ქართულ ენას სწავლობენ უკრაინელი ბავშვებიც. მათთვის საქართველოს განათლების სამინისტრომ გახსდა უკრაინული სექტორები ქართულ სკოლებში - თბილისში ორი სექტორია, 41-ე სკოლასა და 220-ე სკოლაში, ასევე ორი სექტორია ბათუმში.

რადიო „მარნეული“

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər