67 დღიანი შეზღუდვის შემდეგ მაღალაშვილის ხიდზე მოძრაობა აღდგა
67 დღიანი შეზღუდვის შემდეგ ქალაქ მარნეულშ, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. საავტომობილო მოძრაობა ხიდზე დღეს, 5 თებერვალს, განახლდა.

30 ნოემბრიდან მაღალაშვილის ხიდზე გადაადგილება შეიზღუდა, რამაც ქალაქში საცობები გამოიწვია. მარნეულის მერიაში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 20 დეკემბერს აღდგებოდა, შემდეგ კი დაგვპირდნენ, რომ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ახალ წლამდე აღდგებოდა. 8 იანვარს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსურლებელი კომპანიის შპს „ირლანის“ დირექტორმა თემურ თაბუკაშვილმა განაცხადა, რომ ხიდის სარებაილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლომდე დასრულდება. 29 იანვარს მარნეულის მერიაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უამინდობის გამო იყო შეჩერებული, 2 თებერვალს კი გააკეთეს განცხადება, რომ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორშაბათინდა, 5 თებერვლიდან აღდგებოდა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ ხიდის ჩაკეტვით გამოწვეული საცობების განსამუხტად მაღალაშვილის ხიდის დაბლა დროებითი სარკინიგზო გადასასვლელიც მოაწყო.

ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს. მარნეულის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 5 მაისს გააფორმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადად 150 კალენდარული დღე განისაზღვრა, დაახლოებით 5 თვე. მერიასა და შპს „ირლანს“ შორის 5 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები 12 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის ვადა 25 დეკემბრამდე მიეცა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები