თეა წულუკიანმა მარნეულში ვიზიტისას თქვა, რომ „გადაჭრილ გორაზე“ მუზეუმისთვის 5 მილიონი გამოიყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში მდებარე „გადაჭრილ გორაზე“ მუზეუმის მოსაწყობად 5 მილიონი ლარი გამოიყო.


კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სოფელ იმირის ნამოსახლარში „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიური კომპლექსი 22 თებერვალს მოინახულა. რადიო “მარნეულისათვის” აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ იყო ცნობილი. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში თეა წულუკიანი აღნიშნავს, სამუშაოების ნაწილი ივნისის თვემდე დასრულდება და შემდეგი ეტაპი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას დაეთმობა.

“ამ ადგილს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ზონაა, ემუქრებოდა ბუნების ზემოქმედების გამო, იქნებოდა ეს ქარი თუ წვიმა, რეალურად ჩარეცხვის საფრთხე. ამაზე ჩვენი ყურადღება, როდესაც ცალკე უწყებად ჩამოვყალიბდით, მიაქცია ბატონმა ლევან დავითაშვილმა. ჩვენ აქ ვიმყოფებოდით სამი წლის წინ და სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული ხელშეწყობით ეს ტერიტორია გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ჩვენ მობილიზება გავაკეთეთ შესაბამისი თანხების იმისათვის, რომ ეს არქეოლოგიური ზონა და ნამოსახლარი , რომელიც მიწის შენობა-ნაგებობების სახით არის წარმოდგენილი, ყოფილიყო დაცული. „გადაჭრილი გორა“ იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ასევე საგანმანათლებლო მეცნიერული ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები დიდი იმედი მაქვს გაგრძელდება“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის სამინისტროს განმარტებით, ობიექტის დაცვისა და განვითარების მიზნით შექმნილი პროექტით გათვალისწინებულია მისი გადახურვა, საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობა. არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება, გარემოსა და ლანდშაფტის აღქმა შესაძლებელი იქნება ფერმებზე დაკიდებულ საფეხმავლო პანდუსზე ასვლით.

ობიექტზე არქეოლოგიური გათხრები 2006 წელს დაიწყო. ექსპედიციას პროფესორი მინდია ჯალაბაძე ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან სამუშაოები უფრო მასშტაბური გახდა.

2015 წელს აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, რომელიც ანალიზისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის უნივერსიტეტში გაიგზავნა, სადაც დადგინდა, რომ ჭურჭლის ფორებში შემორჩენილი იყო 8000-წლოვანი ღვინის ნაშთები. 2017 წელს ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მსოფლიოს 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის დასახელდა. იგი ავლენს მდიდარ ისტორიას, რომელიც საქართველოს მიწას ღვინის აკვნად წარმოაჩენს.

ობიექტი 20 თებერვალს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად მოინახულა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მათ შორის, მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ.

/სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოები აღებულია მარნეულის მერიის ფეისბუქ გვერდიდან/

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები