მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ
რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი - სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტი მოიცავს რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ ნაწილის დაბოლოებას განეკუთვნება. მაგისტრალი იწყება თურქეთის საზღვართან, რომელიც ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის გავლით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე მიდის. პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით.

პროექტის განხორციელების მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ელნარა მამედოვას საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

კერძოდ, საუბარია, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე 288 ათასი კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის - 18 715 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები