სომხეთი წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან შეთანხმების გაფორმებას ვარაუდობს
“მოლაპარაკებები საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს და თუკი ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, არსებობს შესაძლებლობა, წლის ბოლომდე გავაფორმოთ სამშვიდობო შეთანხმება”, – ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში განაცხადა. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

გრიგორიანის განცხადებითვე, ერევანი სამშვიდობო პროცესისთვის მნიშვნელოვნად აფასებს პირველ ივნისს კიშინიოვში გამართულ ხუთმხრივ შეხვედრასაც.

მოლდოვაში შეხვედრამდე აზერბაიჯანულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სწორედ აღნიშნული სამიტის ფარგლებში ხელი
მოეწერებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას. თუმცა, მაშინ ერევანმა ინფორმაცია უარყო.

“სამშვიდობო დღის წესრიგში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი.

ილჰამ ალიევს, ნიკოლ ფაშინიანს და შარლ მიშელს შორის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა 21 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.

22 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს. ფაშინიანის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებას სომხეთსა და მთიან ყარაბაღში უკმაყოფილება მოჰყვა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər