გუშინ შსს-ს მიერ გამოყენებული ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას - NGO-ები
არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ ხელისუფლების მიერ აქციის ძალადობრივად დაშლას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ დაარღვია სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები, ასევე, დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა ძალა, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.

„შსს-ს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის
ინსტრუმენტად იქცა.

აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო ორი საფუძვლით: არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზნით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი, ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის წინაპირობა.

როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, საპროტესტო აქციის დარბევის დროს გამოყენებული იყო, ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები. აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან, სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში”,
– ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, 63 ადამიანი დააკავეს.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში და წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər