„საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა" - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ დასავლური დაფინანსება გაუმჭვირვალეა და ამჯერად მაგალითად ევროკავშირი მოჰყავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ „ევროკავშირის დაფინანსებაც არის გაუმჭვირვალე”.

„ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ. სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითებიც, მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდის, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც არის სწორედ საწინააღმდეგო ევროპული ღირებულებებისა.

სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში მე პირადად ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები თავად, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით ფარულად დაფინანსება რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიებისა, არის არასწორი საქციელი, სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება”,
– განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər