როგორ წავიდეთ საქართველოს საგულშემატკივროდ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ითამაშებს.

გერმანიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მინიმუმ 3 მატჩს გამართავს. საქართველო პირველ მატჩს 18 ივნისს ქალაქ დორტმუნდში ვესტფალენშტადიონზე თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 22 ივნისს ჰამბურგში ფოლკსპარკშტადიონზე ჩეხეთს შევხვდებით, დასკვნითი თამაში 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ შედგება.

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში კი ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად, ექვსიდან ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანიც გავა. ტურნირი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.

როგორც UEFA-ს ოფიციალურ საიტზეა აღნიშნული, საქართველოს გულშემატკივრებისთვის წინასწარ გამოყოფილი ბილეთების გაყიდვას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააორგანიზებს. UEFA-ს ცნობით, ოფიციალური ფანკლუბის წევრებისთვის ბილეთების ფასი 30 ევრო იქნება, მესამე კატეგორიის ბილეთები 60 ევრო ეღირება, მეორე კატეგორიის 150 ევრო, პირველი კი - 200 ევრო. VIP კატეგორიის ბილეთების ფასი 400 ევრო იქნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ტაბულას უთხრეს, რომ ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე UEFA-თან დეტალები ზუსტდება და ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რაც შეეხება ფრენებს, ქუთაისი დორტმუნდის პირდაპირი ფრენა 17 ივნისს 1 615 ლარიდან იწყება, თუმცა, თუ წინა დღეებში წახვალთ, 14 ივნისის რეისი 1 000 ლარით ნაკლები დაგიჯდებათ. 17 ივნისის ქუთაისი-ბერლინის ფასი 520 ლარიდან იწყება, ჰამბურგში გაფრენა 580 ლარიდან შეგიძლიათ, ბერლინიდან/ჰამბურგიდან დორტმუნდში ავტობუსით ან მატარებლით წახვალთ.

რაც შეეხება უკანა გზას, ქუთაისში დაბრუნება ერთი კვირის ფარგლებში დორტმუნდიდან 340-450 ევრო ღირს, ჰამბურგიდან - 215-370 ევრო, ბერლინიდან კი - 145-255 ევრო.

თბილისიდან ივნისის მეორე ნახევარში ბერლინის პირდაპირი ფრენები დაახლოებით 1500-1 800 ლარი ღირს, სტამბოლის გავლით კი თბილისიდან დორტმუნდში/დიუსელდორფში ფასები 500 დოლარიდან იწყება.

ფასები დინამიკურია და მოთხოვნის მიხედვით ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

წყარო: ტაბულა
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər