მერიის მხრიდან 2 000 ლარამდე თანხის მიღება სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე ოჯახებსაც შეეძლება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 27 მარტს ახალი სოციალური პროგრამა დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ სოციალურ პაკეტში შესულ ცვლილებებზე ისაუბრა.

დეკანოიძის განმარტებით, ახალი სოციალური პაკეტის მეშვეობით ეკონომიურ სიდუხჭირეში მყოფი ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფა მოხდება.

„ჩვენ შევცვალეთ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის კომისია, რომელთა დახმარებით ჩვენ შევძლებთ მოსახლეობასთან მიმართებაში გამოვიკვლიოთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად შესასწავლია და კვლავ ჩავდებთ მიმდინარე ეტაპზე ფინანსურ დახმარებას მუნიციპალურ პროგრამაში, რომელიც განხორციელდება კვლავ მერის წარმომადგენლების დახმარებით და იქნება საკითხები ორიენტირებული მეტად შესწავლაზე და ობიექტურობაზე“. - განაცხადა ნინო დეკანოიძემ

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია შეისწავლის მოქალაქეების მდგომარეობას და დაადგენს ესაჭიროებათ თუ არა მათ მერიიდან ფინანსური დახმარება.

სოციალური პაკეტის მიღების მსურველებმა უნდა მიმართონ მერიას ან მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში, რის შემდეგაც მოხდება მათი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დახმარების გაწევა.

ნინო დეკანოიძის განმარტებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მერიას მაქსიმუმ 2 000 ლარის გაცემის უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტში ახალი სოციალური პროგრამებიც გაჩნდა, არსებულის თანხები კი გაიზარდა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər