სტანო: კანონის ძალაში შესვლა უკან დახევას იწვევს, ეს ფაქტია და არა მოსაზრება
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა პრესსპიკერი პიტერ სტანო „ფორმულასთან” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მიღება ევროკავშირისგან უკან დახევაა. ის აღნიშნავს, რომ ეს ფაქტია და არა მოსაზრება.

„ევროკავშირი იყო ძალიან მკაფიო, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.

კანონის ძალაში შესვლა იწვევს ევროკომისიის მიერ დასახული – ევროკავშირის ლიდერების მიერ კანდიდატის სტატუსისთვის დამტკიცებული ცხრა რეკომენდაციიდან
სულ მცირე 3-ის უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება.

კანონის მიღება და შესაძლო კონკრეტული პასუხი ევროკავშირის მხრიდან იქნება შემდგომი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში. რეგულარული ყოველთვიური საგარეო საქმეთა მინისტრების [საბჭოზე] შემდეგ ორშაბათს, ლუქსემბურგში”,
– განაცხადა მან.

გუშინ, 17 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ EU წევრობის მოლაპარაკებების გახსნის საკითხით აშანტაჟებენ, ისევე, როგორც 2022 და 2023 წლებში.

მისივე მტკიცებით, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ამ მოლაპარაკებების გახსნის შანსები საქართველოსთვის 0-დან 20-30%-მდე გაიზარდა.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər