ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი პარტიას ოფიციალურად აპრილში დატოვებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას გეგმავს. საუბარია ლაშა ქველაძეზე, მარინა პეტროვასა და დავით ქიმაძეზე. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ლაშა ქველაძე ამბობს, ოფიციალურ გადაწყვეტილებას აპრილის თვეში მიიღებენ და ფრაქციასაც დატოვებენ. მისივე თქმით, შეუერთდებიან ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ პარტია „ახალს“.

„პარტიის დატოვება ჩვენთვის იყო რთულად მისაღები გადაწყვეტილება, რადგან წლების განმავლობაში წარმოვადგენდით ნაციონალურ მოძრაობას, ბევრი პრობლემები გადაგვილახავს. დევნა ხელისუფლების მხრიდან, ფიზიკური ანგარიშწორება , დაკავებები და ასე შემდეგ, თუმცა პარტიის არასწორი მენეჯმენტის გამო და ასევე ის ფაქტიც, რომ პარტიამ არაფერი იმოქმედა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, არადა პარტიის მენეჯმენტის ცვლილება 2022 წელს ამ მიზნით მოხდა, ჩვენ მიგვაჩნია რომ ნაციონალური მოძრაობა არ იბრძვის ხელისუფლების შესაცვლელად. აინტერესებთ მხოლოდ საპარლამენტო მანდატები, ქვეყანა კი დღითი დღე ღარიბდება, ჩვენს თანამოქალაქეებს ემიგრაციაში უწევთ წასვლა ოჯახების გამოსაკვებად, გაიზარდა კრიმინალი, ახალგაზრდებში იმატა ნარკოტიკების ზედოზირებით სიკვდილიანობამ, ჩვენი მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა და ისეთ საქართველოში ცხოვრება სადაც აღარავის მოიწევს ემიგრაციაში წასვლა, სადაც ახალგაზრდები იღებენ კარგ განათლებას და აქვთ კარიერული პერსპექტივა, ყველა მოქალაქე იგრძნობს კეთილდღეობას და აღარ გვეყოლება პოლიტპატიმრები. ამის გამო ქვეყნის მაშტაბით ბევრმა ჩვენმა მეგობარმა და თანამებრძოლმა, მათ შორის ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას დაფუძნებულ ,,ახალი"- ს პარტიას და ვიბრძოლოთ საქართველოს გადასარჩენად.“

ქველაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებაში „ენმ“-ს რაიონული ორგანიზაცის არაერთი წერვი შეუერთდება.

17 მარტს ადგილობრივმა მედიამ „24 News”- მა გაავრცელა ინფორმაცია რომ პარტიის დატოვებას გეგმავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, გიორგი მუმლაძეც. გავრცელებულ ინფორმაციას რადიო „მარნეულთან“ მუმლაძე არ ადასტურებს და ამბობს, რომ თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას საჯაროდ განაცხადებს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər