მარნეულში მომუშავე ქართული ენის მასწავლებლები გვიხნიან რატომ " არა, რუსულ კანონს"
"არა რუსულ კანონს" - ეს პოსტერი, რომელიც საქართველოში მომუშავე კონსულტანტ მასწავლებლებმა გასულ წელს გამოაქვეყნეს, წელსაც აქტუალურია.

ნათია მანია მარნეულში მომუშავე პედაგოგია. ფიქრობს, რომ კანონი, რომელიც წელს უკვე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სახელით არის ცნობილი, არა თუ გამჭვირვალობას, არამედ, იარლიყების მიწებებას ემსახურება.

"არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას, მათ შორის სახელმწიფოს, შეუძლია მოიძიოს მათი დაფინანსების წყაროები. შესაბამისად ვასკვნით, რომ ამ კანონის მიზანია მთავრობისთვის არაკეთილსაიმედო ორგანიზაციების "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მონათვლა, მათთვის იმიჯის შელახვა და მათი დემონიზებაა. უბირი ხალხის მართვა ადვილია. ისედაც ბევრს სჯერა "გრანტიჭამია" ორგანიზაციების მავნე საქმიანობის შესახებ ლეგენდებისა. ახლა უბრალოდ ამ ყველაფრის ოფიციალურად გაფორმება უნდათ. რომელიმე ორგანიზაცია გააპროტესტებს ხელისუფლების ქმედებას? ყველგან იყვირებენ, რომ ორგანიზაცია "უცხოური ძალის ინტერესებს ატარებს" და სახელმწიფოს ამიტომ ებრძვის. სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ადამიანებისა და ორგანიზაციების დაშინება ადვილია, ხოლო იმათი, ვინც არაა მთლიანად ამ დამოკიდებული სახელმწიფოს დაფინანსებაზე, უფრო ჭირს. ჰოდა, რა ბერკეტი უნდა აამოქმედოს ამ დროს ხელისუფლებამ?დაარქვას ისეთი სახელი, რომლითაც ავტორიტეტს მიწასთან გაუსწორებს. ეს კანონი რომ მავნეა, ჩანს უცხოელი პოლიტიკოსების შეფასებიდანაც. მას იწონებენ საქართველოს მტრები და უარყოფენ საქართველოს მეგობრები. ჩემს ახლო თუ შორეულ მეგობრებშიც, ვინც ამ კანონს იწონებს, ან უწიგნურია, ან ფანატიკოსი. განათლებული და საღად მოაზროვნე ადამიანი მას იწონებდეს, მართალი გითხრათ, არ მსმენია." - ამბობს ნათია მანია

ნათია მანიას მსგავსად, რუსული კანონის წინააღმდეგია პედაგოგი ნონა არევაძე-კოტორაშვილი, რომელიც წლება მარნეულში ქართულ ენას ასწავლის.

"ქვეყანაში, სადაც სასამართლო არაა ძლიერი და დამოუკიდებელი, გარდა იარლიყების მიწებებისა, იზრდება ადამიანების პასუხისგებაში მიცემის საფრთხე, რაც მოხდა რუსეთში და სწორედ ამიტომაც აღიქმება ეს კანონი რუსულად. ხოლო ქვეყნებში, სადაც ეს კანონი მოქმედებს, უსაფრთხოების კონცეფციით უკვე განსაზღვრულია, რა დაფინანსებები ექცევა ყურადღების ქვეშ. ეს არის მტრული სახელმწიფოებისგან მიღებული დაფინანსება და არავითარ შემთხვევაში არ მიემართება მეგობარ ქვეყნებს.
ამას გარდა, დამოუკიდებელი სასამართლოა იმის გარანტი, რომ სახელმწიფო ვერ დასჯის ვერავის უსამართლოდ, ამის დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ. ჩვენი სასამართლო სისტემა კი რბილად რომ ვთქვათ, შორსაა თავისუფლებისა და მიუკერძოებლობისგან"" -
თქვა ნონა არევაძე-კოტორაშვილმა.

რუსულ კანონს ეუბნება არას მარნეულში მომუშავე მასწავლებელი, ნარიმან მელიქიძე და რადიო "მარნეულთან" საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს რუსეთისგან ბევრი მწარე მაგალითი ახსოვს.

"აქციაზე მდგომი ხალხის გვერდით ვარ მეც. ევროპას იმიტომ ვირჩევთ, რომ ჩემზე გამოცდილი ხალხი და ისეთი პოლიტიკოსები ირჩევენ იმას, ვის მიმართაც მეტი ნდობა გამაჩნია. მე თვითონ კომუნისტურ წყობაში დაბადებულ გაზრდილი ვარ და კარგად ვიცი რუსული წესები, მიმართულება და დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და ყველაფერი ეს განაპირობებს ზუსტად იმას, რომ ვიცი რა საზოგადოებაც არის, რუსულ პოლიტიკას ვგულისხმობ და მმართველობას ჩვენს მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ მახსოვს ბევრი რამ და თან ძალიან მწარედ. ამიტომ ევროპა ჩვენი მომავლისთვის ბევრად უკეთესი იქნება. მე მკაცრად ვეუბნები - არა, რუსულ კანონს" - , თქვა ნარიმან მელიქიძემ. 

საქართველოს არჩევანი ევროპაზე რომ გადის, ამას ადასტურებ კიდევ ერთი მარნეულელი პედაგოგი ლალი მარგიანი. ქართული ენის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ სამშობლოს გადასარჩენად რუსულ კანონებზე უარი უნდა ვთქვათ.

"ვინ თუ არა ჩვენ, კონსულტანტ მასწავლებლები არ უნდა დავეთანხმოთ წინააღმდეგ გზას ევროპისკენ და უარი ვთქვათ რუსულ კანონებზე. თუ ნამდვილად გვინდა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა, თუ ნამდვილად გვინდა ქართული ენა არ დაიკარგოს, მაშინ უნდა ავირჩიოთ სწორი და ნათელი გზა ევროპისკენ. ისტორიის მაგალითებით ძალიან ბევრი მწარე მაგალითი გვაქვს თუნდაც უახლოესი ისტორიიდან, აგვისტოს ომიდან და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რუსეთი. სულ მეფიქრება, ჩემი გოგონა, რომელიც წელს 21 წლის გახდებოდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის ალბათ, აუცილებლად იდგებოდა რუსთაველზე იმ მომიტინგეებს შორის, რომლებიც ევროპისკენ ირჩევენ გზას" - ამბობს ლალი მარგიანი.

მარნეულის სკოლებში 10 წელზე მეტი ასწავლიდა ნინო ჭანკვეტაძე, რომელსაც კარგად ახსოვს დასავლური დაფინანსებით მიღებული სიკეთეები სკოლებში. მაგალითად მოჰყავს სახელმწიფო ენის სწავლასა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში ჩადებული თანხები. ფიქრობს, რომ კანონი ანტისახელმწიფოებრივია.

"ჩვენი პარტნიორებისგან მიღებული ფულით უმნიშვნელოვანესი საქმეები გაკეთდა განათლების სფეროში. სახელმწიფო ენას დაეუფლნენ მოსწავლეები და ზრდასრულები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ჩატარდა ტრენინგები მედიაწიგნიერებასა თუ ადამიანის უფლებებში, შეიცვალა ჩაკეტილი და არაინტეგრირებული გარემო. დღეს აქ ადამიანები სახელმწიფოს სრულფასოვან მოქალაქეებად გრძნობენ თავს და ლომის წილი ამაში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს აქვს. აღარაფერს ვიტყვი აშენებულ თუ გარემონტებულ სკოლებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებზე. არის მცირე, მაგრამ მაინც კონტროლი არჩევნებზე. კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს შეეხოს ეს სიკეთეები. ეს კანონი არის ანტისახელმწიფოებრივი იმიტომ, რომ გადაკეტავს ამ გზებს, არის შანსი, თავად დონორებმა შეგვიწყვიტონ დახმარება და არ მიიწებონ იარლიყი. გარდა ამისა, მედვედევი რომ დაინტერესებულია მივიღოთ კანონი და შოლცი და მიშელი გვაფრთხილებს, არ მიიღოთო, რუსულია, აბა რაა?! არაფერი ამ კანონში ქართული და ევროპული არ არის და საწინააღმდეგო ჯერ ვერავინ დაამტკიცა." -
თქვა ნინო ჭანკვეტაძემ

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა 17 აპრილს მიიღო და მას საპარლამენტო უმრავლესობიდან „ქართული ოცნების“ 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, „ხალხის ძალის“ 9 წევრმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა წევრმა. კანონპროექტის მოსმენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები, გასული წლის მსგავსად, ახლაც ითხოვენ რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი გაიწვიოს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər