სასამართლომ აკელიკ გრუპს 9 დასაქმებულისთვის ხელფასების გადახდა დააკისრა
მარნეულში სასმელი წყლის სისტემის შეცვლის პროექტში დასაქმებულმა 9 პირმა კუთვნილი ანაზღაურება, დაახლოებით, ორი წლის შემდეგ მიიღო.

მარნეულში წყალმომარაგება წყალარინების სისტემების შეცვლის პროექტს ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპი ახორციელებდა, რომელმაც კუთვნილი ანაზღაურება ასობით თანამშრომელს არ გადაუხადა. 2020-2021 წლების განმავლობაში აკელიკ გრუპში დასაქმებულები ეტაპობრივად ატარებდნენ აქციებს და კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვნდნე, მაგრამ მათი მცდელობები ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ სრულდებოდა.

2021 წლის 25 ნოემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მშრომელთა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სრულიად დააყადაღა კომპანიის უძრავი ქონება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები. 2022 წლის 28 ივნისს კი მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებული 9 მშრომელის სასმართლო დავა წარმატებით დასრულდა, მათ უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადების მიხედვით, ორგანიზაციამ მშრომელების უფლებების დასაცავად საქართველოს შრომის ინსპექციასაც მიმართა.

„კომპანიის ინსპექტირების ფარგლებში დამატებით დადგინდა შრომითი კანონმდებლობის დარღვევა, რაც გამოხატა შრომითი ხელშეკრულებების ფორმის, შინაარსის შრომის კოდექსთან შეუსაბამობაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, სამუშაო დროის აღრიცხვასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დარღვევებში. ინსპექციის გადაწყვეტილებით კომპანიას დაეკისრა ჯარიმა და მიეცა შესაბამისი მითითებები დარღვევების აღმოსაფხვრელად.
საბოლოოდ, მხარეთა შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები, შრომითი ინსპექციის სანქციები, სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის მექანიზმების მყისიერი გამოყენება შედეგიანი აღმოჩნდა და ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალმა მშრომელებს შეთანხმებული თანხა ჩაურიცხა“.
- აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, მარნეულის მშრომელების დავა აჩვენებს, რომ შრომის თავისუფლების დაცვის საქმეში სასამართლოს და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების დროული ჩართულობა და ეფექტიან რეაგირება არსებითია.

„სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში მშრომელები ეთნიკური უმცირესობების თემებიდან ხშირად ორმაგად ჩაგრულ მდგომარეობაში არიან და ენის უსამართლო პოლიტიკის, პროფესიულ კავშირებში გაერთიანების ტრადიციის არ ქონის, მართლმსაჯულებაზე ნაკლები ხელმისაწვდომობის გამო, მათ ხელი არ მიუწვდებათ მათი ინტერესების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე“. - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55 940 022 დოლარით აფინანსებდა. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებდა, მაგრამ კომპანიას კონტრაქტი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისა და მშრომელებისათვის კუთვნილი ანაზღაურების გადაუხდელობის გამო შეუწყვიტეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების პროექტის გაგრძელებისათვის ტენდერი კვლავ გამოაცხდა. რადიო „მარნეულს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობაც რის შემდეგაც მარნეულში პროექტის განხორციელება განახლდება.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər